თეგებით ძიება

„მოთხოვნა 100%-ით გაიზარდა“ - რუსები საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მასობრივად ბრუნდებიან

„საქართველო რეიტინგში დაბრუნდა - რუსების მხრიდან უძრავ ქონების შეძენაზე მოთხოვნა 100%-ით გაიზარდა“ - ამის შესახებ რუსული მედია უძრავი ქონების კორპორაციის ანალიტიკური ცენტრის „ასტორიუსის“ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

ცენტრის მონაცემებით, მართალია, ჯამში საქართველოს წილი მხოლოდ 5%-ია, თუმცა „იქ რუსების მხრიდან უძრავ ქონებაზე მოთხოვნა 2023 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“.

რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, „ასტორიუსის“ ანგარიშის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეების მხრიდან 2026 წლის პირველ ნახევარში უცხოეთში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა წლიურად 5%-ით, ხოლო 2025 წლის ბოლოსთან შედარებით 20%-ით გაიზარდა.

„2026 წელს უცხოურ უძრავ ქონებას მეორე სიცოცხლე ეწყება. ორწლიანი ვარდნის შემდეგ, რაც გადახდის პრობლემებით, ადმინისტრაციული ბარიერებითა და სავალუტო რყევებით იყო გამოწვეული, ინვესტორების ინტერესი აღდგა. ბაზრის გამოცოცხლებას ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის გამყარება, საბანკო დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების ეტაპობრივი შემცირება და შიდა ბაზარზე ფასების კორექტირების მოლოდინი. თუმცა მთავარი ის არის, რომ თავად ინვესტირების მიდგომა შეიცვალა: იგი უფრო პრაგმატული გახდა, ობიექტებს კი სულ უფრო ხშირად განიხილავენ კონკრეტული სტრატეგიული ამოცანების გადასაჭრელად“, - აღნიშნულია ცენტრის ანგარიშში.

მათივე ინფორმაციით, 2026 წელს მყიდველთა მოტივაცია აშკარად ტრანსფორმირდა. მთავარ მიზნად კვლავ ბინადრობის უფლების მიღება რჩება - მასზე გარიგებების 53% მოდის. კიდევ 27% უძრავ ქონებას პირადი ცხოვრებისა და დასვენებისთვის ყიდულობს, ხოლო 20% - კაპიტალის შენარჩუნებისა და ზრდისთვის. წმინდა ინვესტორების წილი ერთი წლის განმავლობაში 15%-იდან 20%-მდე გაიზარდა.

„გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, მყიდველთა ნაწილი უცხოურ აქტივებს „სათადარიგო აეროდრომად“ განიხილავს. ამასთან, საუბარია არა მომენტალურ ემიგრაციაზე, არამედ პერსპექტივაში გამგზავრების შესაძლებლობაზე“, - მიაჩნიათ ცენტრში.

რაც შეეხება ტოპ-5 ქვეყანას, სადაც რუსები უძრავ ქონებას ყიდულობენ, ასე გადანაწილდა:

  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - მოთხოვნის 50%
  • ტაილანდი - მოთხოვნის 17%
  • თურქეთი - მოთხოვნის 12%
  • სერბეთი - მოთხოვნის 11%)
  • საქართველო - მოთხოვნის 5%

„საქართველო რეიტინგს 2023 წლის შემდეგ პირველად დაუბრუნდა. ეს ქვეყანა ზრდის აბსოლუტური ლიდერია - უძრავ ქონებაზე მოთხოვნა წლიურად 100%-ით გაიზარდა. ბათუმში უცხოელები, რომელთა უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეები შეადგენენ, ახალაშენებულ კორპუსებში ბინების 70–75%-ს ყიდულობენ. თბილისში კი იჯარიდან მიღებული შემოსავლიანობა წლიურ 7–9%-ს შეადგენს, ბინადრობის უფლების გაფორმების პერსპექტივით“, - აღნიშნულია „ასტორიუსის“ ანგარიშში.

ცენტრის პროგნოზით, მომავალ 1-2 წლის განმავლობაში მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში, კერძოდ, საქართველოში, სომხეთში, ბელარუსში, ყირგიზეთსა და აზერბაიჯანში სულ უფრო მოთხოვნადი ხდება თამაშის გასაგები წესებისა და ინვესტირების დაბალი ბარიერის გამო. 2026 წლის მთავარი ტრენდი კი დივერსიფიკაციაა - ინვესტორები კაპიტალს რამდენიმე იურისდიქციას შორის ანაწილებენ, რათა შეამცირონ ერთ კონკრეტულ ქვეყანაში რისკების კონცენტრაცია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა