"გული მეგლიჯება, ჩემი წურწიკა! უნიჭიერესი წურწიკა...” - ხობში, გარდაცვლილ მსოფლიო ჩემპიონს ემშვიდობებიან
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაცვლილი ნახეს.
არსებული ინფორმაციით, ცხედარი ხობში, სპორტსმენის სახლში იპოვეს.
ნუგზარ წურწუმია 27 წლის იყო.
ახლობლების ინფორმაციით, სპორტსმენის გარდაცვალება, სავარაუდოდ, სუიციდს უკავშირდება.
ნუგზარს, ემოციურად ემშვიდობებიან:
"როგორ დაგვწყვიტე გული... უფალმა ნათელში გამყოფოს" " ღმერთო რატომ, რა საოცარი ბიჭი იყო" "ძალიან მოგვენატრები..." - წერენ სოციალურ ქსელში.
"მშვიდობით ოქროს ბიჭო! ეს რა დაგვემართა. მსოფლიოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ნუგზარ წურწუმია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გული მეგლიჯება, ჩემი წურწიკა! უნიჭიერესი წურწიკა", - წერს მაცაცო კევლიშვილი.
ცნობილი ქართველი მოჭიდავე 1997 წელს დაიბადა. მისი სპორტული კარიერა არაერთ გამარჯვებას ითვლის. 2019 წელს 55 კგ წონით კატეგორიაში მან მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა, 2022 წელს კი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. არის მსოფლიოს პირველობის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი.