თეგებით ძიება

პროკურატურამ გელა მთივლიშვილი მისი დაკავების საქმეზე დაზარალებულად ცნო — „მთის ამბები“

პროკურატურამ „მთის ამბების“ რედაქტორი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დაზარალებულად ცნო პოლიციელების მიერ მისი დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ფიზიკური ძალადობის საქმეში, რომელზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-1 და 333-3-ბ მუხლებით მიმდინარეობს.

ინფორმაციას ამის შესახებ „მთის ამბები“ ავრცელებს.

გელა მთივლიშვილი პოლიციამ 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის 1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებისას, იმ დროს დააკავა, როცა პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და ერთ-ერთი მოქალაქის დაკავებას იღებდა.

გელა მთივლიშვილს პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მთივლიშვილმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა უარყო. მისი განცხადებით, დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომლები მანქანაში გუდავდნენ, აგრესიულად ექცეოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო შჩერბაკოვმა ჟურნალისტი 2 ათასი ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

უკანონოდ დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის და ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე ჟურნალისტმა დაკავების დღესვე მიმართ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. გამოძიების დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ მთივლიშვილი დაზარალებულად ცნო.

ჟურნალისტი მოითხოვს ოთხი პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლებას და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რომლებმაც, მისი თქმით, ის უკანონოდ დააკავეს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და პოლიციის ავტომობილში მასზე ფიზიკურად იძალადეს. მთივლიშვილი პოლიციელებს პროკურატურაში უჩივის სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის გამოც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა