დარჩიაშვილი: საქართველოს აქვს ძალიან ცალსახა საგარეო პოლიტიკური ვექტორები
ვაშინგტონში, NATO-ს საიუბილეო, რიგით 75-ე სამიტი რამდენიმე საათში დაიწყება. საქართველოდან დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს.
ილია დარჩიაშვილი პირველ შეხვედრას მართავს NATO-ს გენერალური მდივნის ოფიციალურ წარმომადგენელთან. ხავიერ კოლომინასთან შეხვედრაზე, რომელიც ორმხრივ ფორმატში მიმდინარეობს, მინისტრი იმ გამოწვევებზე ისაუბრებს, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების კუთხით აქვს. ამის შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრი სახელმწიფო მდივნის სახელით დანიშნულ მიღებას დაესწრება. უსაფრთხოების კონფერენციას, ენტონი ბლინკენი გახსნის.
„ჩვენ წლების განმავლობაში ამ ურთიერთობებს თანმიმდევრულად ვაშენებდით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ ნორმად ვაქციეთ და ის, რომ საქართველოს აქვს ძალიან ცალსახა საგარეო პოლიტიკური ვექტორები, ეს დასტურდება იმითაც, რომ საქართველო დღეს ვაშინგტონში მონაწილეობს ამ უმნიშვნელოვანეს სამიტზე. სამიტს აქვს ძალიან დატვირთული დღის წესრიგი. რაც შეეხება გამოწვევებს, ეს რა თქმა უნდა არსად წასულა, ჩვენს რეგიონში არსებული გამოწვევები, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში კიდევ უფრო აქტუალურია. სწორედ ამ გამოწვევებთან გამკლავებაში ვართ ჩვენ ჩართული, ჩვენი ქვეყანა, იმისთვის, რომ მშვიდობა და სტაბილურობა იყოს ჩვენს ქვეყანაში, იმისთვის, რომ ჩვენ თანმიმდევრულად გავაგრძელოთ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობების მშენებლობა და ეს აუცილებლად მოიტანს კონკრეტულ შედეგებს“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.