“საქმე გვაქვს ვამპირ, ფსიქოპატ მკვლელთან“ - კენიაში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც 42 ქალის, მათ შორის ცოლის მკვლელობა აღიარა
კენიის ქალაქ ნაირობიში დააკავეს 33 წლის მამაკაცი, რომელმაც 42 ქალის მკვლელობა აღიარა. reuters-ის ინფორმაციით, სერიულ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ასევე აღიარა საკუთარი ცოლის მკვლელობაც.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 9 ქალის ცხედარია ნაპოვნი.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაირობიში, ნაგავსაყრელზე 9 დანაწევრებული, ჩანთაში გადანაწილებული გვამი აღმოაჩინეს.
დეტექტივები ნაირობის მუკურუს ნაგავსაყრელზე აღმოჩენილ გვამებს ახლაც ათვალიერებენ. მათი თქმით, პარასკევს ნაგვის გორაზე მოთავსებულ ტომრებში 6 ქალის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს. ბოლოს გაკეთებული განცხადების მიხედით კი, შაბათს საგამოძიებო სამსახურმა კიდევ 5 ჩანთა იპოვა, რომელთაგან სამში გარდაცვლილი ქალების სხეულის სხვადასხვა ნაწილები აღმოაჩინეს.
გამოძიება მყისიერად დაიწყო. ბრალდებული კი უმოკლეს დროში დააკავეს.
ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკისას, პოლიციამ მაჩეტე, რეზინის ხელთათმანები და პოლიეთილენის პარკები ამოიღო, რომლის მსგავსშიც, მათ მიერ ნაპოვნი ცხედრები იყო გახვეული.
ადგილობრივი ძალოვნების განცხადებით, მათ საქმე აქვთ ფსიქოპატ, სერიულ მკვლელთან.
პოლიციის გენერალური ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლის დუგლას კანჯას თქმით, 33 წლის ეჭვმიტანილი, სახელად კოლინზ ჯუმაისი ხალუშა, ორშაბათს დილის 3:00 საათზე დააკავეს, როდესაც ის ნაირობიში, ერთ-ერთ ბარში ევრო 2024-ის ფინალურ მატჩს უყურებდა.
“საქმე გვაქვს ვამპირთან, ფსიქოპათ სერიულ მკვლელთან, რომელიც პატივს არ სცემს ადამიანის სიცოცხლეს“, - წერს dailymail კრიმინალური გამოძიების დირექტორატის (DCI) ხელმძღვანელზე, მოჰამედ ამინზე დაყრდნობით.
მისი განცხადებით, დაკავებულმა აღიარა, რომ მკვლელობები 2022 წლიდან ამა წლის 11 ივლისამდე მოხდა.
”ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ მოატყუა, მოკლა და გადააგდო 42 ქალის ცხედარი ნაგავსაყრელზე. ეჭვმიტანილი ამტკიცებდა, რომ მისი პირველი მსხვერპლი იყო მისი ცოლიც, რომელიც დაახრჩო და შემდეგ დაანაწევრა“, - თქვა მან.
წყარო: cbsnews