დიდი ხანია ოთარ ფარცხალაძესთან არ მქონია კომუნიკაცია, გავლენებზე საუბარი სპეკულაციებია - გაბიტაშვილი
ახალი გენერალური პროკურორი, გიორგი გაბიტაშვილი ამბობს, რომ დიდი ხანია ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ფარცხალაძე აშშ-ის მიერაა სანქცირებული. მიზეზად რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან თანამშრომლობა დასახელდა.
გაბიტაშვილი წარსულში ფარცხალაძის მოადგილე იყო, თუმცა დღეს თქვა, რომ ბოლოს მასთან კომუნიკაცია წლების წინ ჰქონდა.
"ოთარ ფარცხალაძეს ვიცნობ დიდი ხანია, ჩვენ გარკვეული პერიოდი ვიმუშავეთ ერთად, მათ შორის მისი მთავარი პროკურორობის დროს, მე ვიყავი მთავარი პროკურორის მოადგილე. ერთთვიანი მთავარი პროკურორობის შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძემ დატოვა საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა, რაიმე გავლენებზე საუბარი ამ უწყებაში, არის მხოლოდ სპეკულაციები. მე დიდი ხანია ოთარ ფარცხალაძესთან არ მქონია კომუნიკაცია. საქართველოს პროკურატურა იყო, არის და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება", - თქვა გაბიტაშვილმა.