გლობალური IT შეფერხების გამო, 8.5 მილიონი კომპიუტერი დაზიანდა
გლობალური IT შეფერხების გამო, ზიანი 8.5 მილიონ კომპიუტერს მიადგა, - ამის შესახებ Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტმა, დევიდ ვესტონმა განაცხადა.
Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს რიცხვი მსოფლიოში არსებული ყველა Windows-ის 1%-ზე ნაკლებს შეადგენს, თუმცა მიუხედავად ამისა, გათიშვის შედეგად, „ეკონომიკური და სოციალური ზემოქმედება დიდი იყო“.
როგორც BBC წერს, მსოფლიო მასშტაბით ხარვეზი გამოწვეული იყო კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე კომპანია CrowdStrike-ის მიერ პროგრამულ განახლებასთან. კერძოდ, მედიის ცნობით, მომხმარებლებს დაზიანებული პროგრამული უზრუნველყოფის განახლება გაეგზავნათ. CrowdStrike-ის ხელმძღვანელმა, ჯორჯ კურცმა მოუწოდა მომხმარებლებს, დარწმუნდნენ, რომ განახლების ჩამოტვირთვამდე კომპანიის ოფიციალურ წარმომადგენლებთან დააზუსტონ დეტალები.
BBC წერს, რომ აღნიშნული გლობალური IT ხარვეზი ისტორიაში ყველაზე დიდ კიბერ-ინციდენტად შეიძლება შეფასდეს. იქამდე ყველაზე დიდ კიბერ-ინციდენტად ითვლებოდა 2017 წელს WannaCry კიბერშეტევა, რომელმაც დაახლოებით 300 ათასი კომპიუტერის გათიშვა გამოიწვია 150-მდე ქვეყანაში. ამ ინციდენტიდან ერთი თვის შემდეგ იყო მსგავსი მასშტაბის კიბერთავდასხმა NotPetya.
ამასთანავე, 2021 წელს კიდევ ერთი გლობალური ექვსსაათიანი გათიშვა განხორციელდა, რაც დაკავშირებული იყო Meta-ს სისტემებთან, თუმცა ეს ძირითადად სოც. მედიის გიგანტ კომპანიებსა და მათ პარტნიორებს შეეხო.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი