"რომელიც მოკლეს, იმის ბავშვის ნათლია ყოფილა... კარგი ძმაკაცები და მეგობრები იყვნენ...“ - ახალი დეტალები კახეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე
კახეთში მომხდარ ორმაგ მკვლელობასთან დაკავშირებით სოფელ ლალისყურის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სავარაუდო მკვლელს და გარდაცვლილებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე - საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.
ადგილობრივების თქმით, არ იციან რას უკავშირდება კონფლიქტი, რადგან ჩხუბი არასდროს მოსვლიათ.
ეთერ ქოთილაიძე: "2-3 გასროლის ხმა გავიგეთ. ერთი ადგილზე დაღუპულა, მეორე საავადმყოფოში მიყვანისთანავე. ეძებენ და ვერ პოულობენ. რომელმაც მოკლა, ისიც არ იყო ლოთი, იშვიათად სვამდა, მთვრალი არ გვინახავს. ეს ბიჭი თბილისში ცხოვრობდა, რომელიც დაიღუპა და აქ იყო მშობლებთან ჩამოსული."
თამარ ხუცაიძე: "ესროლესო და რაზე ისროლეს, არ ვიცი. არადა, სამივე ბიჭი ძალიან კარგი ბიჭები არიან, სოფელში ცუდად არ ხსენებულან, თან ძალიან ახლო-ახლო ცხოვრობენ, კარგი ძმაკაცები და მეგობრები იყვნენ. საერთოდ, არც ჩხუბი და არც არაფერი გაგვიგონიაო და, ისედაც, არ იყვნენ მოჩხუბრები, კარგი, წყნარი ბიჭები იყვნენ."
ბესიკ ხუმარაშვილი: "ბავშვებმა დაიძახეს, რომ ვიღაც კაცმა თოფი ისროლაო. გამოვედით და ერთი უკვე მკვდარი ეგდო, მეორე, დაჭრილი კი ლაპარაკობდა - ისევ ცოცხალი იყო. ვინ იყო, რა იყო, ვერაფერი ვერ გავიგეთ. ნასვამები არ იყვნენო. მეზობლები არიან, ერთ უბანში არიან გაზრდილები. რომელიც მოკლეს, იმის ბავშვის ნათლია ყოფილა მკვლელი."
შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში ორი ადამიანია მოკლული. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, დაპირისპირება სამ მამაკაცს შორის სუფრასთან მოხდა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მათგანმა ორი თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ადგილზე მოკლა. სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია და სამართალდამცველები მას ამ დრომდე ეძებენ.