„ერთს პისტოლეტი ჰქონდა ნასროლი და ერთს ავტომატიო“ - ორმაგი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება
კახეთში მომხდარ ორმაგ მკვლელობასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი გარდაცვლილის ნათესავი "კურიერთან" ჰყვება, რომ მსხვერპლს მუცლის არეში, დაახლოებით, 4 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მისივე ინფორმაციით, შელაპარაკების შემდეგ სავარაუდო მსხვერპლი სახლში წავიდა, საიდანაც შემთხვევის ადგილზე შეიარაღებული დაბრუნდა.
"სამნი იყვნენ, ერთი აღარ არის ცოცხალი. ერთი მაშინვე დაიღუპა და ის ჩემი სიძე საავადმყოფოში დაიღუპა. თავიდან, საავადმყოფოში რომ მივედით, გვეგონა, რომ ერთი ნასროლი ჰქონდა მუცელში, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ 4 ჰქონდა მგონი, არ ვიცი ზუსტად. შელაპარაკება მოსვლიათ. სახლში წასულა, იარაღი აუღია და მისულა. სავარაუდოდ, იარაღი სახლიდან გამოიტანა," - აცხადებს ერთ-ერთი გარდაცვლილის ნათესავი.
სოფელ ლალისყურის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, მკვლელს ორი იარაღი ჰქონდა. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთმა მსხვერპლმა გარდაცვალებამდე პოლიციისთვის ინფორმაციის მიწოდება მოახერხა.
"ეგ სამნი იყვნენ მარტო მანდ, ორი მკვდარია, ის გაქცეულია. მეზობლები იყვნენ, ერთად დაზრდილები იყვნენ. მკვლელი მოკლულის ბავშვის ნათლია იყო.",-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ერთ-ერთი ადგილობრივი: "საღამო ხანი იყო, სახლში შევედი და სროლის ხმა გავიგე. ერთს პისტოლეტი ჰქონდა ნასროლი და ერთს ავტომატიო - პოლიციამ თქვაო. ორი იარაღი ჰქონია, როგორც ამბობენ და დანარჩენი არ ვიცი."
შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში ორი ადამიანია მოკლული. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, დაპირისპირება სამ მამაკაცს შორის სუფრასთან მოხდა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მათგანმა ორი თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ადგილზე მოკლა. სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია და სამართალდამცავები მას ამ დრომდე ეძებენ.