ნათია თურნავამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით "საქსტატს" იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და პროფესიონალიზმი მას წარმოადგენს, როგორც ლიდერს სტატისტიკის სფეროში.
„ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ "საქსტატის“ მიერ წარმოებული და გამოქვეყნებული მონაცემები გამოირჩევა მაღალი სანდოობითა და სიზუსტით, რაც ფასდაუდებელია მონაცემებზე დაფუძნებული, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად.
„როგორც საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის სისტემის ნაწილი, საქართველოს ეროვნული ბანკი ამაყობს, რომ არის "საქსტატის" მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენი მოვალეობაა ეკონომიკური და ფინანსური მონაცემების წარმოება და გაზიარება, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. "საქსტატისა" და ეროვნული ბანკის მჭიდრო თანამშრომლობა არის საფუძველი იმისა, რომ უზრუნველყოფილ იქნას მაღალი ხარისხი და თანმიმდევრულობა სტატისტიკური მონაცემების წარმოების მიმართულებით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.