თეგებით ძიება

3 ადამიანს სალმონელოზი დაუდასტურდა, ისინი რესტორანში "ორი კათხა" იმყოფებოდნენ - სეს-ი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში სამ ადამიანს სალმონელოზი დაუდასტურდა -  პაციენტები რესტორან "ორ კათხაში" იმყოფებოდნენ.

სააგენტოს ცნობით, სულ ექვსი პაციენტია, მათგან სამს დაავადება ლაბორატორიულად დაუდასტურდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რესტორნის შემოწმებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით - გამოვლინდა ასევე არაკრიტიკული შეუსაბამობები, რომელთა გამოსასწორებლად გაიცა მითითებები გონივრული ვადების გათვალისწინებით.

"ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ პაციენტები იმყოფებოდნენ რესტორანში „ორი კათხა“ (მის: ვიქტორ კუპრაძის ქ.N52), სადაც მიირთვეს ხინკალი, ქათმის ფილეს მწვადი და სალათი ცეზარი ქათმის ფილეთი.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო მოკვლევა - სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა ჩაატარეს არაგეგმური ინსპექტირება შპს "ლუდსახარში ორი კათხას" (ლუდსახარში, რესტორანი - მის: ვიქტორ კუპრაძის ქ. N52) კუთვნილ სამზარეულოში.

შემოწმებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით; გამოვლინდა ასევე არაკრიტიკული შეუსაბამობები, რომელთა გამოსასწორებლად გაიცა მითითებები გონივრული ვადების გათვალისწინებით.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს სურსათის ნიმუშები (ხინკლის ფარში, სალათი ,,ცეზარი" ქათმის ხორცით და სალათის ფოთოლი), კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიღებისთანავე ეცნობება" - ნათქვამია განცხადებაში.

სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა. დაავადების გამომწვევი სალმონელები მიეკუთვნებიან ენტერობაქტერიების ოჯახს და სალმონელების გვარს, რომელიც 2500-ზე მეტ სეროვარს მოიცავს, უმრავლესობა პათოგენურია როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისა და ფრინველებისათვის.

სალმონელოზის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია სურსათის წარმოების მთლიან ჯაჭვში (სასაკლაო, ხორცისა და ხორცის პროდუქტების გადამამუშავებელი, სარეალიზაციო და საზკვების ობიექტები) წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკის დანერგვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა