თეგებით ძიება

დღეს გია ყანჩელის დაბადების დღეა

გენიალურ კომპოზიტორს, არაერთი შესანიშნავი მუსიკალური ნაწარმოების ავტორს გია ყანჩელს დღეს 89 წელი შეუსრულდებოდა.

გია ყანჩელი 1935 წლის 10 აგვისტოს თბილისში დაიბადა. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა. 1972-1990 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელი. 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.

1995-1996 წლებში გია ყანჩელი ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენის სიმფონიურ ორკესტრში მიიწვიეს, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. თუმცა კავშირი საქართველოსთან და რუსთაველის თეატრთან არ გაუწყვეტია. მას ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისთვის შექმნილი მუსიკა („კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“).

მუსიკის სპეციალისტები განსაკუთრებით აღნიშნავენ მის სიმფონიურ თხზულებებს. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

გია ყანჩელის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება ოპერა „და არს მუსიკა“ (1983 წ.), ექვსი სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962 წ.); ლარგო და ალეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963 წ.); „სევდა ნათელი“ — ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.); მუსიკა სპექტაკლებისთვის „ხანუმა”, „კავკასიური ცარცის წრე”, „რიჩარდ III”; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები). მუსიკა კინოფილმებისთვის „არ დაიდარდო”, „ქვევრი”, „არაჩვეულებრივი გამოფენა”, „მიმინო”, „შერეკილები”, „როცა აყვავდა ნუში” და სხვ.

გია ყანჩელი მრავალი საერთშორისო პრემიის ლაურეატია:

1995 — ღირსების ორდენი

1988 — საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი

1987 — პრიზი „ნიკა“ კინომუსიკისათვის

1981 — საქართველოს სახელმწიფო პრემია

1981 — საკავშირო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი

1981 — შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია

1977 — საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია

2008 — ვოლფის პრემია ხელოვნებაში

საქართველოს სახალხო არტისტი.

2015 წელს გია ყანჩელის 80 წლის აღსანიშნავი საიუბილეო კონცერტები ევროპის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.

გია ყანჩელი 2019 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა, ის დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

დიდებული კომპოზიტორის გია ყანჩელის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული ხელოვნებისთვის, არამედ მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის. მას გარდაცვალების შემდეგ მიეძღვნა არაერთი საღამო და კონცერტი როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა