თეგებით ძიება

„ფერისცვალება დადგა. ჩემი მთავარი დღესასწაული… დილით რომ სარკეში თავს ვუყურებ, საღამოს ანარეკლს ვაჯიბრებ. ხან ვმარცხდები, ხან ვიმარჯვებ, მაგრამ ერთს არასდროს ვაკეთებ“ – გიორგი კეკელიძე

გიორგი კეკელიძე ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ეს მისი მთავარი დღესასწაულია.

„ფერისცვალება დადგა. ჩემი მთავარი დღესასწაული.

განა არ ვიცი, რომ ადამიანი საკუთარ წარსულს ეყრდნობა, გუშინდელი დღეების ჯამია და სხვანი, მაგრამ ხშირად ეს შეჯამება იმ დღეების გამოკლებას უნდა გულისხმობდეს, ვიდრე შეკრებას. ეგრე მგონია და კიდევ ის, რომ გუშინდელი დღის არდაზუთხვით ვვითარდებით, უცხო გზაზე სიარულით და ხელახლა დაბადებით. მტკივნეული დაბადებით. იმ დაბადებით, როცა დაბადებულს ტკივა, რადგან თვითონვეა დამბადებელი. ფერისცვალების მთავარი არსიც ესაა. ამადაც გვეშინია ფერიცვალების – მწიფე ზაფხულის ჩამავალ მზესავით მობერებულ, უფორმო სხეულიდან გამოსვლა და სხვაგან გადაბარგება გვიჭირს. არადა, ეს არის ჩვენი მთავარი უპირატესობა – ადამიანად ყოფნის საუკეთესო ნიშანი. კი, ძველის მიტოვება ტკივილს გულისხმობს – შეჩვევის და სითბოს დაკარგვის, ახლის მიღების, უცხოს და რთულის შიშს. მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ან გვაქვს და უკან მიდის.

ასე ვისწავლე და ყოველ ახალ დღეს წინანდლის მტრად ვაქცევ. დილით რომ სარკეში თავს ვუყურებ, საღამოს ანარეკლს ვაჯიბრებ. მაშინ რომ გზაზე ფეხი მიცდებოდა, ვცდილობ, ფეხსაცმელი გამოვიცვალო – გზას ვერ გამოცვლი, ადამიანების სამყარო პატარაა ამისთვის. ხან ვმარცხდები, ხან ვიმარჯვებ, მაგრამ ერთს არასდროს ვაკეთებ, სხვას არ ვეკითხები ნიშნისმოგებით და წამღერებით – „რას შვებოდი, რატომ, რისთვის, სად იყავი მაშინ?“ რადგან, თუ იმ მხარეს ვიყავი, რომელიც ახლა მეუარესება, ვცდილობ, ახლა აღარ ვიყო. სანამ ცოცხალი ვარ, ამის შესაძლებლობა მაქვს და გაქვს. ამას გვკარნახობს ფერისცვალება. ცოცხლების დღესასწაული“, – წერს გიორგი კეკელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა