"გამოვიდა ინფორმაცია, რომ მკვლელის შვილიც იქ იყო" - ვინ არის ქარელში სასტიკად მოკლული 27 წლის ბიჭი?
სასტიკი მკვლელობა ქარელის მუნიციპალიტეტში - "ტვ პირველმა" სოფელ ზღუდვერში მომხდარი სახლიანი ანგარიშსწორების შესახებ ახალი დეტალები გაარკვია. ადგილობრივების თქმით, 27 წლის ნიკა ღვინიაშვილი სასტიკად არის ნაწამები. ახალგაზრდა კაცს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
მოკლულის ახლობლების თქმით, ერთ-ერთი ვერსიით, სასტიკ მკვლელობას მესამე თვითმხილველიც ჰყავს. ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ მომხდარს ერთ-ერთი დაკავებულის შვილიც უყურებდა.
ოჯახი ანგარიშსწორებით იმუქრება. სოფელში არავინ იცის რა გახდა 27 წლის ბიჭსა და დაკავებულ ძმებს შორის დაპირისპირების მიზეზი. იციან მხოლოდ ის, რომ ნაწამები ცხედარი მდინარის პირას იპოვეს.
"მოკლული არის ჩემი ბიძაშვილის შვილი. 27 წლის ნიკოლოზი, რომელიც ძმებმა წამებით მოკლეს. მდინარის პირას მოკლეს, სავარაუდოდ გაგუდეს, ხელები ჰქონდა შებოჭილი და ყელზე აქვს ნაჭდევები. წამების კვალი აღენიშება...
ჩვენ თავიდან ვერ მივხვდით, ემოციური ფონის გამო, რომ დავაკვირდით, ყელზე, ხელებზე, მუხლებზე, ყველგან აღენიშნება ძალადობის კვალი. ცხვირზე, თავშიც ჩარტყმული აქვს.
უნდა დაისაჯონ, ეს მკვლელობა არ შერჩებათ. 27 წლის ნაფერები შვილი, რომელსაც დედა ემიგრანტი ჰყავს და გამწარებული მოდის დღეს შუაღამისას აქ მისს სიკვდილს არ შევარჩენთ. მთელი სოფელი დადგება იმისთვის, რომ სახლ-კარი გადავუწვათ მაგათ. არ შერჩებათ მისი სისხლი.
გამოვიდა ინფორმაცია, რომ მკვლელის შვილიც იქ იყო, აყურებინეს თუ რაღაცა შემსწრე იყო ამ ყველაფრის. ძმები არიან დაკავებულები და შვილიც იქ იყო გავრცელებული ინფორმაციით" - თქვა მოკლულის ახლობელმა.
ოფიციალური ინფორმაციით, 27 წლის კაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 56 წლის კაცია დაკავებული. ხელბორკილები დაადეს მის ძმასაც, რომელსაც გამოძიება ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარებას ედავება.
საქმია მასალების მიხედვით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1996 წელს დაბადებულ ნ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მიზნით, თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 25-108-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.