იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირ
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით განიხილა და მას მხარი დაუჭირა. დღევანდელ განხილვას ოპოზიციიდან მხოლოდ „გირჩის“ წევრები დაესწრნენ.
საკითხი ეხება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ ძირითად კანონპროექტსა და მის თანმდევ სხვა კანონპროექტებს.
კანონპროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხები.
კანონპროექტის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით განსხვავებული ბიოლოგიური სქესის ორი ადამიანის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სხვა სახის კავშირის, როგორც ქორწინების, რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით ქორწინებად აღიარება, დაუშვებელია.