ყველას მკაცრად ვაფრთხილებთ, რომ საქართველოში არეულობის ხელოვნურად შემოტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება - კობახიძე
ყველას მკაცრად ვაფრთხილებთ, რომ საქართველოში არეულობის ხელოვნურად შემოტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
"აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების მოგების არავითარი იმედი არა აქვს და არჩევნების შემდეგ ვითარების ასარევად ემზადება. მათ ლექსიკონიდან ამოღებული აქვთ სიტყვები - „ქართულმა ოცნებამ არჩევნები თუ მოიგო“ და მუდმივად საუბრობენ სიტყვებით - „ქართულმა ოცნებამ არჩევნები თუ გააყალბა“. სრულიად ცხადია, რომ ისინი მორიგ ჯერზე არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, შეეცდებიან სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას და ქვეყნის არევას, რასაც, მათი გვათვლით, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და რადიკალური ოპოზიციის მიერ მეორე ფრონტის გახსნის დავალების შესრულება უნდა მოჰყვეს. ამ შემთხვევაშიც, მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ საქართველოში ვითარების არევის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.
რადიკალებს და მათ მფარველებს მინდა შევახსენო, რომ დღეს სახელმწიფო და საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები დგანან მოწოდების სიმაღლეზე. სახელმწიფოს აქვს საკმარისზე მეტი რესურსი იმისათვის, რომ ქვეყანაში არეულობა ვერავინ შემოიტანოს. შესაბამისად, ვერცერთი პროვოკაცია წარმატებას ვერ მიაღწევს და ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებას მკაცრი სასჯელი დაუპირისპირდება.
მოვუწოდებთ საზოგადოებას, იყოს ფხიზლად და რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცირე თუ მსხვილი პროვოკაცია სათანადოდ შეაფასოს. მშვიდი საარჩევნო გარემო ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი პირობაა. აქედან გამომდინარე, რადიკალებს არ უნდა მივცეთ იმის იმედი, რომ პროვოკაციებს რაიმე წარმატება შეიძლება მოჰყვეს“, - აღნიშნა პრემიერმა.