თინა ბოკუჩავამ, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” 5 მთავარი საარჩევნო პრიორიტეტი წარადგინა
“კი ევროპას, შემოსავლების ზრდა, პენსიონერების დაცვა, ძლიერი ქართული ოჯახი, ფასების მაფიის დასრულება” - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” 5 მთავარი საარჩევნო პრიორიტეტი წარადგინა.
“ჩვენ დღეს ვიმყოფებით ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სამშობლოში. ილიას მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო თანამედროვე და ევროპული ქართული სახელმწიფოს იდეა. საქართველო თავისი ისტორიით და უნიკალურობით ევროპის დიდი ცივილიზაციური ოჯახის წევრი. ეს იდეა გვამოძრავებს ჩვენს, რომლის რეალიზების საქმეშიც დიდი წვლილი აქვს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომლის ეზოშიც ახლა ვიმყოფებით, რომელმაც სწრაფი და გამბედავი რეფორმებით ჩვენი ქვეყანა დიდი ნახტომით ევროპული ინტეგრაციის გზაზე დააყენა, ჩვენი თაობის მთავარი მისია არის ამ მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ბოლომდე მიყვანა. გპირდებით, რომ 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნების შედეგად, ხელისუფლების ცვლილებისთანავე, “ნაციონალური მოძრაობა” კოალიციურ პარტნიორებთან ერთად გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და საქართველო გახდება ევროკავშირის ამაყი, ღირსეული და სრულფასოვანი წევრი. გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების მომენტიდან, საქართველოს ეხსნება უდიდესი ფინანსური შესაძლებლობები, მათ შორის წვდომა 14 მილიარდიან ევროპულ ფონდზე. გაწევრიანების ევროპული ფონდი არის შესაძლებლობა, რომ დავაფინანსოთ უამრავი საჭიროება საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის მოვახდინოთ სუბსიდირება სოფლის მეურნეობის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი გლეხებისთვის და მევენახეებისთვის, რაც ყველაზე კარგად კახეთში ესმით, ამიტომ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პირველი პრიორიტეტი არის საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში. არჩევნებში გამარჯვებისთანავე “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” გააუქმებს რუსულ კანონს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აკარგვინებს მილიონობით დოლარს და ევროს და საქართველო ამაყად იტყვის - კი ევროპას! ჩვენ გავაფორმებთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას აშშ-თან და აუცილებლად მივიღებთ უვიზო მიმოსვლას ამერიკასთან საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის. “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” მეორე საპროგრამო პრიორიტეტი არის დასაქმება და მაღალანაზღაურებად, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი მოქალაქეებისათვის. ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე მოვიარე მთელი საქართველო, ვიმყოფებოდი რეგიონებში, მთაში თუ ზღვაზე, რეგიონებში თუ ქალაქებში, სოფლებში თუ დაბებში და ყველგან ვნახე უკიდურესი გაჭირვება, უმუშევრობა, სიღატაკე. დღესდღეობით, ნახევარი მილიონი საქართველო ფაქტობრივად უმუშევარია, რადგან წარმოუდგენელია 300 ან 600 ლარიანი ანაზღაურება ხელფასად ჩავთვალოთ. განა “ოცნების” რომელიმე ჩინოვნიკი შეძლებდა ოჯახის რჩენას 300, 600 ან თუნდაც 1000 ლარად? სანამ მილიონობით ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ივანიშვილის ჩინოვნიკების ჯიბეებში მიდის, ქართული ოჯახების მაცივრები ცარიელია და ოჯახების უმრავლესობისთვის ყოველდღიურობა არის ბრძოლა გადარჩენისთვის. ჩვენ მოვიზიდავთ ინვესტიციებს, მოვსპობთ კორუფციას და თავისუფალი და სამართლიანი ბაზრის პირობებში, გავაჯანსაღებთ ეკონომიკას, რათა ყოველდღიურად შევქმნათ ათი ათასობით ახალი, ღირსეული სამუშაო ადგილები, საშუალო ხელფასი ყველა დასაქმებულისთვის უნდა გაუტოლდეს 3500 ლარს იმისთვის, რომ ოჯახებმა ამოისუნთქონ და ხვალინდელი დღის აღარ ეშინოდეთ. ეკონომიკა იმუშავებს ხალხისთვის და არა ელიტებისთვის. ჩვენი მესამე პრიორიტეტი არის პენსიონერების დაცვა. “ქართული ოცნების” 12 წლიანმა მმართველობამ მოიტანა უკიდურესი უთანასწორობა, სადაც საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი - პენსიონერები, ივანიშვილის საბანკო დიქტატურის პირობებში 4-ჯერ მძიმე საბანკო ტვირთს ატარებენ, ვიდრე ნებისმიერი სხვა. ეს არის დიდი უსამართლობა, რომელიც ჩვენ უნდა დავასრულოთ. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჩვენ გავაუქმებთ საპენსიო სესხებს. ასევე, ვიმუშავებთ ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან იმისთვის, რომ გავზარდოთ პენსიები. დიახ, აუცილებელია რომ თითოეულ პენსიონერს ჰქონდეს პენსია, რომელიც არ უნდა შეადგენდეს 1000 ლარს"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.