„ბაბუაჩემისთვისაც ერთი თამაშის გაგზავნა რომ შემეძლოს ცაში, არც საბერძნეთთან თამაშს, არც პორტუგალიასთან… ამას გავუშვებდი“ - ანდრო ხელაძე
Setanta Sports-ის კომენტატორი ანდრო ხელაძე სოციალურ ქსელში ერთა ლიგის B1 ჯგუფში ჩეხეთთან გამართული შეხვედრის შესახებ წერს, რომელიც საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებლად მოიგო.
24 წელია ვარსებობ ანუ 24 წელია ვისმენ იმ ამბებს, 60-იანებიდან, 80-იანებიდან და ხანდახან 90-იანებიდანაც. რომ მესხი და მეტრეველი, ყიფიანი და შენგელია, ქინქი და შოთი... და კიდევ ბევრი, მწვანე მინდორზე საოცრებებს აკეთებდნენ. რომ სტადიონზე ერთი თავისუფალი ადგილიც არ იყო... რომ ხალხი არათუ ერთს, ორ-ორ ბილეთს ყიდულობდა - ტაიმის მერე სხვა მხარეს რომ გადამჯდარიყვნენ საყვარელი ფეხბურთელისთვის ახლოდან საყურებლად. რომ კავკასიელ ბრაზილიელებს გვეძახდნენ, რომ გვქონდა უსაზღვრო ტექნიკა და თუ ლამაზი თამაში თან არ ახლდა, ხალხი მოგებითაც კი ვერ კმაყოფილდებოდა.
ვისმენდი ამ ამბებს ბავშვობაში და ნახევრად არ მჯეროდა. კი, რაც სანახავი იყო ნანახი მქონდა და რაც წასაკითხი, წაკითხული, მაგრამ მაინც, ხომ ხვდებით - სანამ საკუთარი თვალით არ ნახავ, ვერ დაიჯერებ.
ევროპაზეც ვითამაშეთ და პორტუგალიასაც მოვუგეთ თავისი რონალდუთი, მაგრამ ის, რაზეც 24 წელი მიყვებოდნენ, ჩემი თვალით პირველად დღეს ვნახე. იქამდე თავს ვერ დავდებ, მაგრამ რაც ფეხბურთს ვუყურებ საქართველოს ნაკრებს ასე, ამ დონის მეტოქესთან არ უთამაშია. ეს იყო ტოტალური დომინაცია, ულაღესი სათამაშო სტილი და ერთმანეთზე ლამაზი გოლები. მოკლედ ყველაფერი, რის გამოც ეს სპორტი გვიყვარს. გოლიდან გოლამდე ვოცდებოდი, მეორე ტაიმში მეგონა რომელიმე გრანდის თამაშს ვუყურებდი ქვედალიგელთან. კონტრშეტევაზე ამოსვლიდან დაწყებული, სამსვლიანი კომბინაციებით დასრულებული - ეს იყო სპექტაკლი. დღეს ვითამაშეთ ისე რომ აწი მშვიდად ვიქნები. ეს მინდოდა მენახა. ბაბუაჩემისთვისაც ერთი თამაშის გაგზავნა რომ შემეძლოს ცაში, არც საბერძნეთთან თამაშს, არც პორტუგალიასთან… ამას გავუშვებდი - ამას რომ უყურებდა მიხვდებოდა სხვა ეტაპზე რომ გადავედით, რაზეც თვითონ მიყვებოდა, ჩემი თვალით რომ ვნახე. თან ისიამოვნებდა, მაგრად ისიამოვნებდა.
თამაშამდე სადღაც გულის კუნჭულში მაინც ხომ ფიქრობდი, ქართველებს სიხარულის დიდხანს შერგება არ გამოგვდის და იმ ევროპის მერე, ვაი და ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც წარმომიდგენიაო… მიღწეულის შენარჩუნება კიდევ უფრო რთულიაო... მეც ვფიქრობდი. მეც მეშინოდა. მაგრამ 2 საათში ყველა კითხვას პასუხი გაეცა - უბრალოდ, სხვა ეტაპზე ვართ. მორჩა ის დრო, სხვაგან ვართ, სხვა მიზნები გვაქვს. ადრე ამ ანგარიშით ვინმესთვის რომ მოგვეგო, შერცხვენილები მწვრთნელს გააგდებდნენ. დღეიდან ეს არავის გაუკვირდება. უცხოელების კომენტარები შემხვდა - არ უნდათ, საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენ რომ გადაგვეყარონ... რა გასაკვირია? ბევრს ჰყავს ქოჩორა-კიტე-ჩაკვეზე კარგი ნახევარდაცვა? კვარა-ჟორჟზე უკეთესი შეტევა? მამარდაზე უკეთესი მეკარე ვის ჰყავს? და დაცვა? რომელს დაიწუნებენ?
მოკლედ, იდეალური თამაში იყო, რაც გვინდოდა ყველაფერი ვნახეთ.
აი მე რომ დამეწერა თამაშის სცენარი, ფანტაზია აქამდე არ მიმიშვებდა.
კვარამ პენალტი გაიტანა. განაცხადი იყო - კი, გამიფუჭებია, მნიშვნელოვან მატჩშიც ამიცილებია, მაგრამ I did my homework, უკვე შესრულების ახლებური სტილი მაქვს და თერთმეტი მეტრიდან უფრო ამოუცნობი ვიქნები მეკარისთვისო. ეგეთი ფეხბურთელია კვარა, ლამაზ გოლზე მეტად, ხანდახან მისი პენალტით გატანილი რომ გაგიხარდება. აბა ლამაზი გოლები კვარასგან ვიღას უკვირს? აი პენალტებს თუ ესე დამაჯერებლად შეასრულებს, სეზონში მინიმუმ +5 გოლი ექნება და იმ ტიპებსაც ნაკლებ სალაპარაკოს დაუტოვებს, მხოლოდ ფლეშსქორით რომ აკეთებენ დასკვნებს.
ჩაკვემაც გაიტანა! მოდერნიზებული, გაბრიტანელებული, მებრძოლი ჩაკვეს თამაში ყველას ძალიან მოგვწონს, ულამაზესი პასებიც ადგილზეა, მაგრამ ნაკრების მაისურით მისი გატანილი გოლები გვენატრებოდა. თუ ესპანეთთან იმ ავადსახსენებელ 1-7 არ გავიხსენებთ, სადაც ჩაკვეს გოლით გამოწვეული სიხარული ვერ შეგვერგო, ოფიციალურ მატჩში ბოლოს 2018 წელს, ყაზახეთთან ჰქონდა გატანილი. ნავსი გატყდა. გატეხვაცაა და გატეხვაც, ეს რა გოლი იყო? კიტეთი დაწყებული, კვარათი გაგრძელებული და ჩაკვეთი დასრულებული. პრაიმ ჟოზე მოურინიო!
ჟორჟმაც გაიტანა. ბავშვობის კლუბში დაბრუნება ჯერჯერობით ცოტა მძიმე გამოდგა და ნაკრებში გატანილი გოლი ხასიათის გამოსწორებაში ცოტათი წაეხმარებოდა. თან ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირის პრიზი დღეს გადასცეს და ყველანაირად სიმბოლური იქნებოდა რომ გაეტანა. გაიტანა კიდეც და თან ეს გოლი ძალიან ლამაზი იყო. გავინქბექებული ლოჩოშვილის იდეალური ჩაწოდება და ჟორჟი, მიწაზე დაუშვებლად. ზუსტად ისე, როგორც ჟორჟისნაირ ფორვარდს ეკადრება.
მეოთხე გოლზე ვკიოდი. მაგას ყვირილი არ ერქვა. თითქოს შენელებულ კადრს ვუყურებდი, 0.5x სიჩქარით - ჩაკვე ბურთს მოეფერა და ქოჩორას ნაკრებში პირველად გაატანინა. ღმერთო, რა იღბლიანები არიან ლევანტეს და უოტფორდის ქომაგები, 1 სეზონი ამ დონის ფეხბურთელები რომ ეყოლებათ მეორე დივიზიონში!
მერე უკვე უნამუსო გავხდი, ზურიკოს და ბუდუს გოლებს ვქომაგობდი. აი რეალის ფანებმა რომ აღარ იციან რაზე ინერვიულონ და ბოლოს კარვახალის ოქროს ბურთს აწურინებდნენ, ეგრე. არაუშავს ცოდოები იყვნენ ჩეხები, გერმანიაში ჯგუფში ვისაც შევხვდით, ყველაზე კაი ტიპები ეგენი იყვნენ. ალბანეთს გაუტანონ ბუდუმ და ზურიკომ.
მოკლედ, ერთადერთი თხოვნა მაქვს ღმერთთან, ყველა ჯანმრთელად იყოს და მე ყოველთვის ვესწრებოდე თამაშს. დანარჩენს ბიჭები და სანიოლი თვითონ მიხედავენ.
საწუწუნო რა მაქვს, მაგრამ ერთ რამეზე მაინც მწყდება გული - დინამოზე რომ ვერ ვნახეთ ეს თამაში, უფრო მეტი და უკეთესი გულშემატკივრით. პირველ გოლამდე სრული იმედგაცრუება იყო, ლაპარაკის ხმა ისმოდა ტრიბუნაზე, ისეთი ატმოსფერო იყო - ყვირილის და სიმღერის შეგრცხვებოდა. არადა, პირველად ვთამაშობდით სამშობლოში იმ უდიდესი წარმატების მერე, ცოტა სხვანაირ დახვედრას ველოდი. მითუმეტეს როცა ასეთი მოთხოვნაა დასწრებაზე და იმ იღბლიან 20.000 კაცს შორის ხარ, სადღაც ვალდებულიც ხარ შენი წილი უქომაგო. მარტო ხალხის ბრალიც არ არის, უბრალოდ ძალიან ცუდი აკუსტიკაა მესხზე.
არაუშავს, მეორე ტაიმში მაგ ამბავსაც ეშველა და როგორც იქნა დროული ტალღაც ვნახე. აი, ასეთი მომენტებისთვისაა ზედგამოჭრილი ტალღა, 72-ე წუთი იყო რომ დაიწყეს და მეც, როგორც ერთ-ერთი ანტიტალღელი, ავყევი. 4-0 იყო და თავი რამით ხომ უნდა გაგვერთო? - წერს ანდრო ხელაძე.