როდესაც ასეთი ღონისძიებაა, უნდა შეგეძლოს პირად განწყობაზე და პოლიტიკურ გემოვნებაზე მაღლა დადგე - ბესელია პრემიერზე
"როდესაც ასეთი ღონისძიებაა, უნდა შეგეძლოს შენ პირად განწყობაზე და პოლიტიკურ გემოვნებაზე მაღლა დადგე" - ასე ეხმაურება ეკა ბესელია პრემიერის გადაწყვეტილებას, არ დაესწროს ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის მიერ ქართველი სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიას.
როგორც ეკა ბესელია ამბობს, მთავრობის მეთაურისა და მისი წარმომადგენლების გადაწყვეტილება სისუსტის მაჩევენებლია.
ძალიან ცუდია. ეს ისეთი სიხარულია, რომ ეს უნდა იყოს გამაერთიანებელი ყველასთვის. როგორ შეიძლება არ მოხვიდე, როდესაც ოლიმპიელებს, პარალიმპიელებს აჯილდოებს პრეზიდენტი. როდესაც ასეთი ღონისძიებაა, უნდა შეგეძლოს შენ პირად განწყობაზე და პოლიტიკურ გემოვნებაზე მაღლა დადგე. როდესაც ასეთ დროს არ მოდიხარ, ეს არის სისუსტის მაჩვენებელი. ეს არის უმწიფრობის მაჩვენებელი”,- განაცხადა ბესელიამ.
ცნობისთვის, დღეს, 13 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელზე, ორბელიანების სასახლესთან, ქართველი ოლიმპიელები და პარალიმპიელები დააჯილდოვა.
ამასთან, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებაზე არ მივიდა - ქვეყნის პრემიერი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა პატივი არ სცა საქართველოს მთავრობის ინსტიტუტს, როდესაც მთავრობის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიელთა დახვედრის ღონისძიებაზე არ მივიდა, შესაბამისად, როგორც კობახიძემ აღნიშნა, არც ის არ აპირებს, დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დასწრებას.