თეგებით ძიება

სანქციები არის კომერციული ბანკების მიერ აღსასრულებელი, ფინანსთა სამინისტრო ვერანაირად იქნება ამ ნაწილში ჩართული - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

სანქციები არის კომერციული ბანკების მიერ აღსასრულებელი, ფინანსთა სამინისტრო ვერანაირად იქნება ამ ნაწილში ჩართული, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის სანქციების ახალ პაკეტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, სამინისტროს კომერციულ ბანკებთან მიმართებით არანაირი ბერკეტი არ აქვს.

„ფინანსთა სამინისტროს არ ეხება, ეს არის კომერციული ბანკების მიერ აღსასრულებელი სანქცია. ჩვენ ვერანაირად ვერ ვიქნებით ჩართული ამ ნაწილში. მე დღეს მოვისმინე საბანკო ასოციაციის განმარტება, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ყველა კომერციული ბანკი უზრუნველყოფს შესაბამისი სანქციების აღსრულებას, შესაბამისად, ჩვენ, ფინანსთა სამინისტრო დამატებით აღსრულების ნაწილში ვერ ჩავერთვებით. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ბერკეტი კომერციულ ბანკებთან მიმართებაში და არ არის ჩვენი პროფილი ეს საქმიანობა.

მე არ მგონია, რომ საბანკო სექტორს რაიმე რეპუტაცია გადასარჩენი ჰქონდეს, საბანკო სექტორი უზრუნველყოფს თავისი პროცედურების მიხედვით ამ სანქციების აღსრულებას," - განაცხადა კაკაურიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი "საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე" 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ბლინკენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევითა და ანტიდემოკრატიული ქმედებებით კვლავ შეშფოთებულია.

გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დასანქცირდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა