სრულიად ნათელია, რომ ამ არჩევნებში “ქართული ოცნება” მარცხდება”- ზურაბ ჭიაბერაშვილი
ჩვენი გზავნილი მეგობრებისადმი არის, რომ ჩვენ გვინდა საზოგადოების გამთლიანება, 12 - წლიანი ზიზღის დასრულება და ქვეყანა წავიდეს წინ, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„შეხვედრაზე საუბარი იყო იმ გარემოზე, რომელსაც “ქართული ოცნება” ქმნის, ეს არის სიძულვილის ენით დატვირთული, ზიზღისა და სიძულვილის გაღვივებით, ქართული საზოგადოების დაპირისპირებისკენ მიმართული კამპანია, პოლიტიკური დევნა, სააკაშვილის პატიმრობა თვალსაჩინო მაგალითია.
ჩვენი გზავნილი მეგობრებისადმი არის, რომ ჩვენ გვინდა საზოგადოების გამთლიანება, 12 - წლიანი ზიზღის დასრულება და ქვეყანა წავიდეს წინ. ჩვენი დღის წესრიგია, ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე.
კარგია, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები კარგად იცნობენ საქართველოს, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებით ყველა ილუზია დამსხვრეულია და ამას ვხედავთ აშშ-დან ბოლო დროს მომდინარე ახალი ამბებით, რომელიც სანქციებს უკავშირდება. ეს არავის უხარია, ჩვენი მეგობრები ამას იძულებით აკეთებენ. ჩვენი მთავარი ამოცანაა უმტკივნეულოდ გავიაროთ ეს 4 კვირა და ქვეყანას ჰყავდეს ახალი მთავრობა. სრულიად ნათელია, რომ ამ არჩევნებში “ქართული ოცნება” მარცხდება”,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.