მკვლელობის მისი ქსელი უნდა შეაჩეროს კაცობრიობის ალიანსმა - ერდოღანმა ნეთანიაჰუ ჰიტლერს შეადარა
გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კვლავ შეადარა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰიტლერს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
„ისევე, როგორც ჰიტლერი შეაჩერა კაცობრიობის ალიანსმა სამოცდაათი წლის წინ, ნეთანიაჰუ და მკვლელობის მისი ქსელი უნდა შეაჩეროს კაცობრიობის ალიანსმა“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ გაეროს სისტემისა და დასავლური სამყაროს ღირებულებები „ღაზაში კვდება“ და „კაცობრიობის ალიანსს“ ისრაელის შეჩერებისკენ მოუწოდა.
„კიდევ რას ელოდებით, რომ შეაჩეროთ ხოცვა-ჟლეტის ქსელი, რომელიც საფრთხეს უქმნის საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეს პალესტინელ ხალხთან ერთად და მთელ რეგიონს ითრევს ომში?“ - დასძინა მან.