თეგებით ძიება

„თბილისს ყოველთვის ჰყავდა მთავარი არქიტექტორები, უფრო მეტიც, მთავარი მხატვარი და დეკორატორიც... ახლა რა ხდება? რატომ მოიძულეს ეს ქალაქი?“ - ლადო ვარდოსანიძე

რესპუბლიკის მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელთან მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც  27 წლის ტურისტი არინა გლაზუნოვა შეეწირა, ბევრი დააფიქრა - მოხდა თუ არა უბედური შემთხვევა უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო და რამდენად უსაფრთხოა ქალაქში გადაადგილება? - ამის გასარკვევად, TIA.GE არქიტექტორ-ურბანისტ, ლადო ვარდოსანიძეს დაუკავშირდა. 

- თბილისის ცენტრში სამწუხარო და ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, მაგრამ ამას ნურც პოლიტიკურ სისტემას დავაბრალებთ და ნურც ეკონომიკურს. უბედური შემთხვევები ყოველთვის ხდებოდა და სამწუხაროდ, კიდევ მოხდება. 

- ასეთი სახიფათო მიწისქვეშა გადასასვლელი ქალაქში კიდევ რამდენიმე ადგილზეა. თანაც, გადასასვლელ ხიდთან, მეტრო „ვაგზლის მოედნის“ ამოსასვლელს იმაზე ბევრად დაბალი მოაჯირი აქვს, ვიდრე თავისუფლების მოედნისას.  

- ამიტომ სახიფათო ადგილების ჩამონათვალი უნდა შედგეს და თითოეულს ისეთი მოაჯირი თუ ზღუდარი გაუკეთდეს, რომ ასეთი შემთხვევებისგან დაზღვეულები ვიყოთ.

- ზოგი ურბანისტი ფიქრობს, რომ მიწისქვეშა გადასასვლელები თანამედროვე ურბანულ სისტემაში აღარ ჯდება და საერთოდ გასაუქმებელია. ეს გადასასვლელები ადრე ავტომოყვარულებზე იყო მორგებული და ახლა ფეხით მოსიარულეებზე ვზრუნავთო...

- მაშინ უნდა დაკეტონ, როგორც ჭიაბერაშვილის მერობის დროს ტექნიკური ბიბლიოთეკის წინ  დაკეტეს და ზევიდან გადავდივართ. 

- მიწისქვეშა გადასასვლელების გაუქმება საცობების მომატებას არ გამოიწვევს?

- გამოიწვევს და გამოიწვიოს. გადმოვა მერე ის მძღოლი „ლექსუსში“ რომ ზის და ავტობუსით წავა. მე მანქანა არ მყავს, საზოგადოებრივი ტრანპორტით დავდივარ და ვიცი, რომ დღეს ტრანსპორტი თბილისში რამდენიმე მარშუტის გარდა, ძალიან კარგად მუშაობს. იქნებ ამის მერე მაინც მიაქციონ ყურადღება მეტროს განვითარებას, რაზეც ჩვენი ქალაქი სამწუხაროდ, არ ზრუნავს. ახლა „მეტრო ახმეტელთან“ თითქოს მეორე ამოსასვლელს აკეთებენ, მაგრამ მარტო ეს არ კმარა. სისტემა უნდა განვითარდეს. ქალაქები ყოველ წელს მეტროს ათ და ოც ახალ სადგურს ხსნიან. საფრანგეთის მთავრობა პარიზის მეტროს ქსელის მნიშვნელოვნად გაფართოებას გეგმავს. პარიზის მეტროს ოთხი ახალი ხაზი და 68 სადგური დაემატება, რუსეთმა მეტროები ლამის ურალის ქედამდე გაიყვანა. აი, რა უნდა ვისწავლოთ გინდა მტრისგან და გინდა მოკეთისგან. ჩვენ განვითარების ნაცვლად, დავაკონსერვეთ, ჩავყარეთ ბალასტი, წყლით ავავსეთ, რაც შენდებოდა და არხეინად ვართ. ასე არ შეიძლება. ქალაქმა გრძელვადიან, სტრატეგიულ  პროექტებზე  და ურბანული განვითარების სტრატეგიაზე უნდა იზრუნოს და არა არჩევნებიდან არჩევნებამდე იცხოვროს. ეს მენტალიტეტი საზოგადოების მხრიდან გასარღვევია. ვინ განახორციელებს, „ქართული ოცნება“ თუ სხვა ჩემთვის სულ ერთია. თბილისის მერიაში არის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, თითქოს ტრანსპორტი ურბანული განვითარების ნაწილი არაა ერთი ურბანისტი არ მუშაობს ამ სისტემაში, იცით თუ არა? 

თბილისს ყოველთვის ჰყავდა მთავარი არქიტექტორები, უფრო მეტიც, მთავარი მხატვარი და დეკორატორი ჰყავდა. ახლა რა ხდება? რატომ მოიძულეს ეს ქალაქი? 

- წლებია, ქალაქში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის, ტრამვაის დაბრუნებაზე საუბრობენ, მაგრამ საქმე ადგილიდან არ იძვრის. რა უშლის ხელს ამ პროექტის განხორციელებას? 

- არ ვიცი ხელს რა უშლის, მაგრამ მთავარია, ხომ გავყიდეთ რელსები და საკონტაქტო ქსელი თურქეთში? ვთქვათ, დავასახელოთ ვინ გაყიდა. ჩვენგან განსხვავებით, მსოფლიოში ტრამვაის ქსელი არსებობს და მუშაობს.  ასე, რომ ქალაქის პრობლემა მიწისქვეშა გადასასვლელებზე ფართოა. ელექტროტრანსპორტი და მეტროა მისახედი. ზოგადად, ქალაქი რომ გაჯანსაღდეს, ერთი მიმართულებით მუშაობა საკმარისი არაა. სისტემური მუდგომაა საჭირო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა