თეგებით ძიება
08. 10. 2024 სპორტი

რატომ აქვს ბუდუ ზივზივაძეს ნაკრებში ცოტა სათამაშო დრო? - რას ამბობს ფეხბურთელი?

საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშებიდან თამაშებამდე რამდენიმე აქტუალურ საკითხს განიხილავენ, ერთ-ერთი ბუდუ ზივზივაძის სათამაშო დროა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ის ძირითად დროს სკამზე არ უნდა იყოს და მოედანზე მეტ ხანს უნდა ატარებდეს. 

GEO TEAM-ის ინტერვიუში ფეხბურთელი ამის მიზეზს დეტალურად განმარტავს და ფიქრობს, რომ მწვრთნელი ობიექტურ გადაწყვეტილებებს იღებს.

„ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე რომ ხარ, საქართველოს ნაკრებთან ერთად შენი ქვეყნისთვის, ეგეც რა თქმა უნდა, ბედნიერებას განიჭებს. არ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც თამაში არ უნდა და არც მე ვარ გამონაკლისი. 26 კაცი, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო, ყველას უნდოდა თამაში. არ დამიწყია არც ერთი თამაში, მაგრამ რამდენიმე წუთი მივიღე, მაშინაც ვთქვი, რომ ამით ბედნიერი ვარ. იმიტომ, რომ სტატისტიკაში, ჩემს კარიერაში წერია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე.

ასეთ სიტუაციებს სხვისი თვალით ვუყურებ - იქ იყვნენ ფეხბურთელები, რომლებსაც ერთი წუთითაც არ უთამაშიათ, მე ამის ბედნიერება მომეცა, მინიმუმ, 1 წუთი მაინც გამეტარებინა მოედანზე, ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს სახელით.  ამიტომ იყო ის განწყობა შენარჩუნებული, რაც მქონდა,“ - ამბობს ფეხბურთელი.

ბუდუ განმარტავს, რომ კლუბისგან განსხვავებით, ეროვნულ ნაკრებში ვილი სანიოლთან ამ თემაზე საუბარი არასდროს ჰქონია, რადგან საჭიროდ არ ჩათვალა.

„ვილისთან საუბარი არ მქონია. კარლსრუეს მწვრთნელთან რამდენჯერმე მქონდა მსგავსი დიალოგი, დადებითადაც უმოქმედია, მაგრამ ეს ნაკრებში საჭიროდ არ ჩამითვლია.

რადგან მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა, მისი გადმოსახედიდან, ასე იყო სწორი. შედეგიც იყო, ამიტომ ვერაფერს მოსთხოვ. სულ წინ ვიყურები, ეს სეზონიც მეტი შემართებით დავიწყე. როგორც ყველა ფეხბურთელს, მსურს, რომ უფრო მეტი და მეტი გავაკეთო. ახლა ძალიან კარგ კონდიციაში და ფორმაში ვარ. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ასე გავაგრძელო. მომავალში იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი სათამაშო დრო მომეცემა“.

ბუდუმ ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენციაც გაიხსენა, რა დროსაც, მის შესახებ დასმულმა კითხვამ მწვრთნელი გააღიზიანა და საკმაოდ მკაცრი პოზიცია დააფიქსირა.

„პრესკონფერენციის კითხვა რომ ვნახე, გამეცინა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში რომ ვიღაც რაღაც პოლიტიკური ნიშნით იჩაგრებოდეს, გამორიცხულია. მე ამის მჯერა და ეგ რომ ეგრე არ იყოს, იქ აღარ ვიქნებოდი. თუ ვიღაც არასაფეხბურთო რამის გამო მსჯის, რატომ უნდა ვიყო იმ ნაკრების წევრი?! თუ მაგის გჯერათ, ფეხბურთს აღარ უნდა უყურებდეთ. 

ძალიან ჯანსაღი კონკურენციაა. იმ მომენტში, მწვრთნელმა ისე გადაწყვიტა , რომ გიორგის უნდა ეთამაშა, შედეგიც სახეზეა - ადამიანი ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. მე და გიორგი ერთმანეთს ვაძლიერებთ - ის რომ თამაშობს, მე ვცდილობ უფრო მეტი ვიშრომო და უკეთეს ფორმაში ვიყო და რომ ხედავს, მე გუნდში გოლებს ვიტან, უკეთეს ფორმაში იყოს. ორივე ერთ საქმეს ვემსახურებით, ნაკრებში ერთი ქვეყნისთვის ვთამაშობთ...“ - თქვა ფეხბურთელმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა