თეგებით ძიება

1000-ლარიან პენსიას არანაირი პოლიტიკური დაპირება არ სჭირდება... ძალიან მარტივად მიღწევადია - ოთარ აბესაძე

როგორია არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების მთავარი ეკონომიკური გზავნილები და რამდენად დამაჯერებელია მათი ეკონომიკური დაპირებები? - თემაზე TIA.GE -ს ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ოთარ აბესაძე ესაუბრა.

- საარჩევნო კამპანია ისეთ ტემპში მიდის, რომ ეკონომიკურ პროცესზე პედალირება და ფოკუსირება ვერ ხდება. „ლელოს“ პოლიტიური გუნდის გარდა, ვერ ვნახე სხვა რომელიმე პოლიტიკური გუნდის მკაფიო ეკონომიკური გეგმა თუ როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა. ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა. ზოგადად, პოლიტიკური ფონია ისეთი, რომ პოლიტიკურ პარტიებს საერთაშორისო პოლიტიკაზე და სხვა თემებზე უფრო უწევთ საუბარი, ვიდრე შიდა ეკონომიკურ მდგომარეობაზე. კარგი იქნება თუ ამაზე ბოლო დღეებში მაინც მოახდენენ ფოკუსირებას, თუმცა არ მგონია, რომ ასე მოხდება. რასაც გავეცანი, ყველაზე ოპტიმისტური და ციფრებში სწორად დამუშავებული გეგმა, „ლელოს“ და მისი კოალიციის ეკონომიკური გეგმაა. შიდა პარტიულ კულუარებში და შიდა წესდებაში რა არის გაწერილი, არ ვიცი, მაგრამ ღია საჯარო სივრცეში, საჯაროდ დადებული მეტი ეკონომიკური გეგმა სამწუხაროდ, არ მოიპოვება. 

- 1000-ლარიანი პენსიების დაპირება რამდენად რეალისტურად გეჩვენებათ?

- 1000-ლარიან პენსიას არანაირი პოლიტიკური დაპირება არ სჭირდება. ამისთვის საკმარისია, რომ ქვეყანაში ბიუროკრატიული ხარჯი შემცირდეს და დამატებით, 2 მილიარდი დოლარით მეტი ინვესტიცია შემოვიდეს. დღეს გვაქვს 5 მლიარდ ნახევარზე მეტი ადმინისტრაციული ხარჯი. 4 წლის თავზე 1000-ლარიანი პენსია ძალიან მარტივად მიღწევადია, თუ ადმინისტრაციულ ხარჯს ეტაპობრივად შეამცირებ. ეს პოლიტიკური ნებაა და არა ეკონომიკური პროცესი.

- „ქართული ოცნების“ ეკონომიკურ დაპირებზებზე რას გვეტყვით, რომელიც 2012 წლიდან ჰქონდათ.  აქედან რა შესრულდა და რა არა?

- სამწუხაროდ, 2024 წელს „ქართული ოცნების“ ეკონომიკური დაპირება ვერ ვნახეთ, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ფაქტობრივად, ეკონომიკური დაპირება 2020 წელსაც არ იყო, თუმცა პანდემიურ პერიოდში ეკონომიკური დაპირებების კეთება ძალიან ძნელია. 2016 წლის ეკონომიკური დაპირება იყო აღმასვლა, ევროკავშირის ეკონომიკასთან დაახლოვება და ა.შ. რამდენად შესრულდა ეს დაპირებები, ყოველი 4-წლიანი ციკლის გასვლის შემდგომ ფასებზე, ვალუტის კურსზე, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ადამიანების შემოსავლებზე და ადამიანების ხარჯებზე იგრძნობა. შესაბამისად, საზოგადოებამ განსაჯოს რამდენად რეალისტურია უკანასკნელ 12 წელში არსებული ეკონომიკური დაპირებები, როდესაც ადამიანების ხარჯები ადამიანების შემოსავლებს მუდმივად უსწრებს. 

- დასავლური სანქციების გაგრძელების შემთხვევაში რა გველის?

- ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის, რომელსაც სხვებზე დამოკიდებული ეკონომიკა აქვს, ძალიან ძნელია ძლიერი საერთაშორისო ეკონომიკური პარტნიორების გარეშე ყოფნა. ეს არის ქვეყანა, რომლის ყველა ტიპის საქონელი და მომსახურება, რომელსაც მოვიხმართ, 75%-ზე მეტი იმპორტირებულია. საქართველოში ადამიანები უძრავ-მოძრავ ქონებას  სხვა ქვეყნის ვალუტაში ყიდულობენ ხომ ასეა? ნავთობს, ბენზინს, გაზს, ტანსაცმელს, სურსათს და ა.შ. დოლარით ვყიდულობთ ანუ ვაჭრობა დოლარში ხდება. შესაბამისად, თუ საქართველოში სავალუტო ფონდის პროექტები და საერთაშორისო დონაციები შეჩერდება, თუ საქართველოს წინააღმდეგ ერთგვარი ფინანსური სანქციებიც გატარდება, რომელიც მოიცავს, რომ დოლარიის მიმოქცევაში საქართველოს როლი აღარ ექნება, მაშინ რა ეკონომიკურ რელსზე ვასწორებთ ქვეყანას? ჩვენ არ ვართ ისეთი ექსპორტიორი ქვეყანა, როგორც აზერბაიჯანია, რომელიც ნავთობს ყიდის და თავისი მყარი ვალუტა აქვს. ჩვენ ისეთს არაფერს ვყიდით და არ არის საქართველო ექსპორტის იმ დონეზე, რომ რაღაცაზე შევძლოთ საკუთარი ეკონომიკური რესურსის გამყარება. ეკონომიკა მინერალურ წყლებზე, ღვინოზე და ბორჯომზე  ვერ გასწორდება იმიტომ, რომ მაგ რაოდენობას ვერ ვყიდით.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე არ აქვს ეკონომიკური როლი, ძალიან ძნელია. თუნდაც დასავლეთსა და აზიას შორის გამტარის როლი, იდეალური, მაგრამ თუ ის დასავლეთი არ გიღებს, მაშინ გამტარის როლს ვისა და ვის შორის ასრულებ? 

მოკლედ რომ შევაჯამოთ, ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის ძლიერი პარტნიორების გარეშე ცხოვრება ურთულესია, ამ ეტაპზე კი ძლიერი პარტნიორები ადრინდელივით მკაფიოდ აღარ გვყავს გვერდით.

- დასავლელ პარტნიორებს აღმოსავლელი, მაგალითად, ჩინეთი ვერ ჩაანაცვლებს?

- რა პრაქტიკაზე დაყრდნობით?  აქამდე ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობა არ გვქონია. რას ვაწაროებთ იმდენს, რომ ჩინეთში გავყიდოთ და შესაბამისი ფული მივიღოთ? ჩინეთისთვის საქართველოში მთავარი ინტერესი ის არის, რომ გამტარი იყოს ანუ სატრანსპორტო ჰაბი, რომ ჩინეთში წარმოებული პროდუქტი მარტივად ჩავიდეს ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე. ჩინეთის ინტერესის ობიექტი მაშინ ხარ, როცა „სვიფტი“ ჩართული გაქვს, მიმოქცევას დოლარში და ევროში აწარმოებ და შენი პორტები ევროპას და ამერიკას ემსახურებიან. თუ ჩინეთს ამ სერვისს ვერ სთავაზობ ჩინეთი ქველმოქმედი ქვეყანა არ არის, რომ ფული ჩაგიდოს. თუ ჩინელებმა პორტი ააშენეს, ძალიან კარგია, მაგრამ თუ საერთაშორისო გადამზიდველები: „მაერსკი“, „ემენსი“ და ა.შ. არ შემოვიდა, ვისთვის შენდება? მაშინ თვითონ ჩინეთიც არ ჩადებს ფულს. აზიის ეკონომიკაში შენი გეოლოკაციური მდგომარეობით ვერ ჩაერთვები თუ გამტარი არ ხარ. ესაა და ეს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა