თეგებით ძიება

"კინოლოგებმა ძაღლი რომ მოიყვანეს, მკვლელიც იქ ყოფილა, მასზე ეჭვს ვინ მიიტანდა.. უთქვამს მე არ მომადგეს ეს ძაღლიო" - მესტიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარში უმძიმესი დანაშაული მოხდა, მეზობელმა მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. მოკლულია 60 წლის თამაზ დევდარიანი, მის მკვლელობაში ბრალდებული მისი კარის მეზობელი და მოგვარე კობა დევდარიანი უკვე დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, კობა დევდარიანმა დანაშაული უკვე აღიარა. ამოღებულია მკვლელობის იარაღი, ავტომატი. სოფელში ძალიან განიცდიან ამ ამბავს და მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ. როგორც ადგილობრივების მონათხრობით ირკვევა, მოკლულსა და ბრალდებულს შორის ადრე კონფლიქტი ყოფილა და ისინი თურმე ერთმანეთს არც ელაპარაკებოდნენ, თუმცა საქმე აქამდე რატომ მივიდა და რა იყო მკვლელობის მოტივი, ეს ალბათ გამოძიებით გაირკვევა.

მესტიის სოფელ ფარში მერის წარმომადგენელი ჯეირან რეზესიძე:

- ძალიან მძიმე ამბავია მომხდარი და ძალიან განვიცდი. როგორც ვიცი, დამნაშავემ უკვე აღიარა დანაშაული. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ისინი ბიძაშვილები არიან, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. ისინი არიან მოგვარეები და შეიძლება მათი წინაპრები იყვნენ ბიძაშვილები. მოკლულია თამაზ დევდარიანი და მკვლელობაში ბრალდებულია კობა დევდარიანი. ერთი საძმოს შვილები არიან, ერთ სოფელში ცხოვრობდნენ ერთმანეთის მეზობლად. კარის მეზობლები არიან. ცეცხლსასროლი იარაღით, ავტომატით ჰყავს მოკლული. თვითონ აღიარა დანაშაული, თორემ ამას ეს ადამიანი რომ ჩაიდენდა რას წარმოვიდგენდით. იქ მთელი დღე ჩვენთან ერთად იყო, მოკლული თამაზი სახლიდან დაახლოებით 400 მეტრში ნახეს.

- ფაქტს თვითმხილველი ჰყავს?

- არა, რომ არ ეღიარებინა დამნაშავეს, ალბათ გაჭირდებოდა ამის დადგენა. თამაზ დევდარიანს ჰყავს მეუღლე და ის კახეთში, თავის სოფელში ყოფილა წასული. მეუღლე, თამაზ დევდარიანი პატარა სოფელ ლამხელში ცხოვრობს, სადაც სულ ოთხი კომლი ცხოვრობს და ეს სოფელი ფარის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის. სახლიდან 400-500 მეტრში მოხდა ეს საშინელი ამბავი. სავარაუდოდ მკვლელი ჩასაფრებული იყო და ელოდებოდა თამაზის გამოჩენას. მინდორია, სათიბებია, იქვე არის ბუჩქნარი და სავარაუდოდ იქ იყო მკვლელი დამალული. მანამდე მათ კამათი ჰქონდათ თურმე და ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, თუმცა ამის შესახებ მე არაფერი ვიცოდი. ისეთი არაფერი იყო, რომ საქმე აქამდე მისულიყო. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მიწაზე ჰქონდათ მათ დავა, ეს არ არის სიმართლე, მიწასთან დაკავშირებით სხვასთან იყო დავა და ამიტომ სხვაზე იყო ეჭვი, თუმცა ის გამოირიცხა. აღიარებითი ჩვენება უკვე მიუცია კობა დევდარიანს. არადა გუშინ მთელი დღე ჩვენთან ერთად იყო. წარმოუდგენელია, ვერც კი წარმოვიდგენდით რომ ეს დანაშაული კობა დევდარიანის ჩადენილი იყო. თამაზი ღამით სახლში არ ყოფილა, ეტყობა ეძებდა მეუღლე, რომელიც არ იყო სოფელში. მას დაურეკავს მეზობლისთვის, თამაზი არ მპასუხობს და ნახეთ სახლში არის თუ არაო. ღამე ყოფილა, 12 საათი, უფიქრიათ ალბათ სძინავსო და ხვალ დილით ვნახავო. დილით ადრე რომ მივიდა მეზობელი მის სახლში, სახლში ფანჯარა ჩამტვრეული უნახავს და ისევ თამაზის მეუღლისთვის დაურეკავს ფანჯარა ჩამტვრეულია და თამაზი არ ჩანსო, მას უთხოვია შემტვრეული ფანჯრიდან შესულიყო სახლში და ენახა თამაზი ცუდად არ იყოსო. წნევები აწუხებდა ხოლმე და წამლებს სვამდა. მეზობელს შიგნით რომ არავინ დახვდა, იქიდან გამოსულმა დამირეკა და მითხრა, თამაზის ვეძებთ, წუხელ სახლში არ ყოფილა. წინა საღამოს თამაზს ნათესავთან დაურეკავს, სახარე არ მოვიდა სახლში და მეშინია მგლებმა არ გამიგლიჯოს, ამიტომ წავალ ახლა, მინდვრებში იცის დარჩენა და იქ მოვძებნიო. ნათესავს უთქვამს, თოფი აიღე და ისე წადი, მგლები დადიან და არ გადაეყარო გარეულ ცხოველებსო.

თამაზს რეგისტრირებული სანადირო თოფი ჰქონდა სახლში, ის აუღია და წასულა. ამ საუბრის მერე დაიკარგა კვალი, ტელეფონის ზარებს არ პასუხობდა, მერე დავიწყეთ ყველამ ერთად ძებნა, 10 წუთში მივედი იქ. თამაზი ჩემი სკოლის მეგობარი იყო, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და ბუნებრივია იქ გავჩნდი. ვინც დამირეკა იმ ბიჭს ვესაუბრებოდი ხომ არ გადავარდა სადმე- მეთქი, მოჭრილი ფერდობია და იქ ვეძებდით. ამ დროს იმ მხრიდან სადაც ცხედარი იპოვეს, მოდიოდა კობა დევდარიანი და მან გვითხრა, თამაზი მკვდარი არისო, კიდევ ვინ არის იქ მასთან ერთად-მეთქი, მითხრა ჩემი ძმა და მეზობელიო. გვაჩვენა მიმართულებაც სადაც იყვნენ. გვეგონა წნევამ დაარტყა, ვინ იფიქრებდა, რომ თამაზი ცეცხლსასროლი იარაღით იქნებოდა მკვდარი, ეს წარმოუდგენელი იყო. ვკითხე კობა დევდარიანს, რა სჭირს, რა დაემართა-მეთქი, კობამ მიპასუხა, მე მგონი ცეცხლსასროლი იარაღით არის მკვდარიო. გავგიჟდი ამისთანა ამბავი ვინ იკისრა, მოსაკლავი რა გააკეთა ამ კაცმა- მეთქი... მკვლელობაში ბრალდებულის ძმა და მე ვინც მახლდა ამ ბიჭის მამა, იქ იყვნენ. ახლოს არ მიეკაროთ, კვალი არ წაშალოთ ექსპერტიზა მოვა-მეთქი. ამბავი მალევე მოედო მთელ სოფელს და უამრავი ადამიანი მოვიდა. მეუბნებოდა დარეკილი მაქვს პოლიციაშიო, მაგრამ არ ჩანდა არც პატრული, არც მაშველები. ხალხს ვერ ვაკავებდით, მერე მე დავრეკე და მალევე მოვიდა პოლიცია, მაშველები და სასწრაფო. ადგილზე იყო მკვდარი თამაზი, მას 6 ტყვია აქვს მოხვედრილი. ერთი საკონტროლო ტყვია თავში აქვს.

- რა დაუშავა ასეთი, რა ვერსიები განიხილება და როგორ დაახასიათებთ დამნაშავეს?

-არ ვიცი რატომ მოკლა. ჯერჯერობით გამოძიება მიდის და ისინი დაადგენენ დეტალებს. რაც შეეხება დაკავებულს, ცუდ საქმეებში შემჩნეული არ იყო. მაგისტრატურა დამთავრებული აქვს, მასზე ეჭვი არავის მიუტანია. მთელი სოფელი დაკითხეს, პოლიცია ამბობს რომ კვალმა აქამდე მიგვიყვანაო და მანაც აღიარა დანაშაული. თვითონ იქ ტრიალებდა მთელი დღე ჩვენთან ერთად. წარმოუდგენელია. კინოლოგებმა ძაღლი მოიყვანეს, სუნით დამნაშავის კვალზე რომ გასულიყო. ძაღლს რომ უშვებდნენ ძაღლი გამოვიდოდა 20 მეტრის მანძილზე სოფლისკენ და მერე ისევ უკან ბრუნდებოდა. იქ იმდენი ხალხი იყო შეკრებილი კობა დევდარიანს უთქვამს, ახლა მე არ მომადგეს ეს ძაღლი, აქ ვიდექი დღესო. მერე გავიგე რომ უღიარებია დანაშაული. ამას ვინ წარმოიდგენდა. თამაზი ავტომატით არის მოკლული, ზურგშიც აქვს ნასროლი ტყვია, ბარძაყშიც, ფეხებზეც და ორი ტყვია თავში აქვს მოხვედრილი. თამაზზე ცუდს არავინ გეტყვით. ძალიან პატიოსანი კაცი იყო. რატომ გაიმეტა მოსაკლავად არ ვიცი. მკვლელობაში ბრალდებული შესახედავად კარგი ვაჟკაცია ფიზიკურად, მაგისტრატურა დამთავრებული, მომღერალი, ბავშვებსაც ასწავლიდა სკოლაში ფოლკლორს, განა მარტო ჩვენს სოფელში, მეზობელ სოფელშიც, ეცერშიც დადიოდა. რა მოუვიდა, რატომ მოკლა არ ვიცით, ჯერჯერობით კობა დევდარიანიც დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები. წუხელ 3 საათზე გამოვედი დაკითხვიდან და დილით გავიგე, რომ დანაშაული უღიარებია. არადა მთელი დღე იქ იდგა ჩვენთან ერთად მკვლელს რომ წყევლიდა ხალხი და აგინებდა ამას თვითონაც ისმენდა, ხმა არ ამოუღია.

- თქვენ ამბობთ, რომ ძმაც იქ დაგხვდათ შემთხვევის ადგილას, შესაძლოა ძმაც შეესწრო ამ ამბავს?

- ეს გამორიცხულია. ძმა ცალკე ცხოვრობს. ის ისეთი ბიჭია იქ რომ ყოფილიყო არაფრით არ მისცემდა ამის გაკეთების უფლებას, ეს გამორიცხულია, თამაზს ყველგან ეძებდნენ ახლობლები, გაშლილი იყვნენ ყველანი სხვადასხვა მხარეს. ერთი ეს შემიძლია გითხრათ, მიწასთან დაკავშირებით დავა მათ შორის არ ყოფილა. მათ სულ სხვა პრობლემა აქვთ, რაღაცაზე დაობდნენ მაგრამ იმხელაზე არ იყო წასული ეს საქმე რომ მკვლელობა მომხდარიყო. რისთვის მოკლა და რატომ მოკლა, ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს. აღიარა მკვლელობა და დანარჩენს ახლა გამოძიება დაადგენს. ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო თამაზის მკვლელობა და მითუმეტეს იმის გაგება რომ ეს კობამ ჩაიდინა. გაგიჟებულია მთელი სოფელი, უმძიმესი ამბავია მომხდარი. კარის მეზობლები არიან, არის ვარაუდი, თამაზი რომ წავიდა ესეც გაჰყვა, ჩაუსაფრდა და მოკლა. იარაღი ამოღებულიაო. სოფელში დიდი ამბავია, ჩემს მტერს არ ვუსურვებ ამხელა ტრაგედიას. ძალიან განვიცდი. თამაზი ჩემი კარგი მეგობარი იყო. სამწუხარო ფაქტი მოხდა, ასეთი ნაამბობიც კი არასდროს არავის გაეგოს.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დაიწყო. ოფიციალური ინფორმაცია სამართალდამცავებმა უკვე გაავრცელეს, სადაც მკვლელობის მოტივად წარსულში უთანხმოება სახელდება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1976 წელს დაბადებული კ.დ. დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, მესტიის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი - 1963 წელს დაბადებული თ.დ. ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად თ.დ. ადგილზე გარდაიცვალა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ვნახოთ რა გაირკვევა გამოძიებით.

წყარო: „კვირის პალიტრა“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა