ხატია დეკანოიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს
პროკურატურამ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე არჩევნების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარა.
დეკანოიძის თქმით, ის პროკურატურაში მისვლას არ აპირებს და ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისცემს.
„მე არ ვაპირებ პროკურატურაში მისვლას. არასდროს მივსულვარ. ჩემი პასუხები საზოგადოებას ექნება მოსამართლესთან და ალბათ დამატებით თარიღს შემატყობინებენ. ზოგადად, სასაცილოა, როდესაც გაყალბების დამდასტურებელი ამდენი მასალა არსებობს და ოპოზიციონერ ლიდერებს იბარებენ პროკურატურაში. ამიტომ ეს ჩემთვის განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს,“ – განაცხადა დეკანოიძემ.
პროკურატურის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყეს საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები – მამუკა ხაზარაძე, ნათია მეზვრიშვილი, ირაკლი კუპრაძე, საბა ბუაძე, თენგიზ თევზაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ასევე სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა” სპიკერი ლონდა თოლორაია.
გამოკითხვაზე დაიბარეს საქართველოს პრეზიდენტიც, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უწყებაში მისვლაზე უარი თქვა და ბრიფინგზე საზოგადოების წინაშე საარჩევნო დარღვევების და შესაძლო გაყალბების მტკიცებულებების საჯარო პრეზენტაცია მოაწყო.