თეგებით ძიება

„ინვესტორები ასეთ ადგილებს ერიდებიან... საქველმოქმედო ორგანიზაცია ხომ არაა, რომ მოგების გარეშე იმუშაოს? - მერაბ ბოლქვაძე

დაბზარული კედლები, ავარიული კიბეები და ჩამოშლილი აივნები  - ასე გამოიყურება ძველ თბილისში შენობა - ნაგებობების უმეტესობა. ხელსაყრელი მდებარეობის მიუხედავად, ინვესტორები ამ ადგილებს გვერდს უვლიან და ქალაქში, სადაც „ნემსის ჩასავარდნი“ ადგილი არაა, თავისუფალ ადგილს ეძებენ. ვინ უნდა იზრუნოს მუდმივი საფრთხის პირობებში მცხოვრებ ადამიანებზე და როდემდე გაგრძელდება ავარიული სახლების პრობლემა? - ამ კითხვებით TIA.GE თბილისის გენგეგმის ავტორს, არქიტექტორ მერაბ ბოლქვაძეს დაუკავშირდა.

- ისტორიულ ზონებში ინვესტორებს ხშირად აქვთ სურვილი, რომ მაღალი ინტენსივობა მიიღონ, მაგრამ კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ იმის საშუალებას არ იძლევა, რომ იქ 4, 5, 7 და 8-სართულიანი სახლი ააშენო. ინვესტორმა უნდა დააკმაყოფილოს მაცხოვრებელთა გარკვეული რაოდენობა და ნამატიც უნდა მიიღოს. ამდენის საშუალებას კი ის ტერიტორია არ იძლევა. ამიტომ არის, რომ ინვესტორები ასეთ ადგილებს ერიდებიან. თუ უცხოურ გამოცდილებას გადავხედავთ, ევროპულ ქვეყნებში ქალაქის მერია ინვესტორს რაღაც შეღავათებით ეხმარება. 

- როგორი შეღავათებით? 

- მაგალითად, შეიძლება დამატებითი ტერიტორია მისცენ. გერმანელები ინვესტორებს საგადასახადო შეღავათებსაც კი უწესებენ, იმიტომ, რომ ზოგ ადგილზე 4 სართულზე მაღალი სახლის აშენება არ შეიძლება, ინვესტორმა კი ადგილობრივი მოსახლეობაც უნდა დააკმაყოფილოს და ნამატიც მიიღოს.  საქველმოქმედო ორგანიზაცია ხომ არაა, რომ მოგების გარეშე იმუშაოს? ამიტომ ასეთ შემთხვევებში ქალაქმა უნდა იფიქროს ინვესტორის ხელშეწყობაზე. პროექტი შეათანხმოს, დაამტკიცოს, რაც ქალაქისთვის არის მისაღები და შემდეგ იფიქროს იმაზე, რომ შეიძლება რაღაცით კიდევ დაეხმაროს საგადასახადო შეღავათი თუ სხვა მიწის ნაკვეთი. ისტორიულ უბნებში მდებარე სახლები ზოგ შემთხვევაში, ავარიულიც კია და მოსახლეობა სასწრაფოდ გასაყვანია.

- ბევრი სახლი ნამდვილად ავარიულია და ადამიანები მუდმივი საფრთხის პირობებში ცხოვრობენ..

- გეთანხმებით. ასეთ შემთხვევაში ქალაქმა ინვესტორის დასახმარებლად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ ამ ხალხს სასწრაფოდ უშველოს. მოგეხსენებათ, თბილისში მშენებლობისთვის ცარიელი ადგილი აღარაა. სკვერებში, ბაღებსა და გამწვანებულ ტერიტორიებზე მშენებლობა კატეგორიულად დაუშვებელია და საბედნიეროდ, ასეთი რამე ბოლო წლებში მაინც არ ხდება, მაგრამ იქ, სადაც ავარიული სახლებია და მდგომარეობა გამოსასწორებელია, ქალაქმა ინვესტორს რაღაც ხელშეწყობის პირობა უნდა შეუქმნას. 

- თბილისის მერია თუ არის ამისთვის მზად და ასეთ შესაძლებლობას თუ განიხილავს?

- გენერალური გეგმის კეთების დროს ასეთ მაგალითებზე იყო ლაპარაკი, იმიტომ, რომ ჩვენ უცხოურ მაგალითებსაც ვიხილავდით. ახლა ეს ყველაფერი უნდა გაანალიზონ შესაბამისმა სამსახურებმა სად და რა გზით არის შესაძლებელი მოქმედება. სხვა შემთხვევაში, უკვე იმდენი ავარიული სახლია თბილისში, რომ მოსახლეობაც ძალიან ცუდ დღეშია და ეს ნაბიჯები გადასადგმელია. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა