რატომ არის მომგებიანი ინვესტირება ძველ თბილისში? - მოლოდინები და რეალობა
თუ თქვენ მზად ხართ ყველა იმ გაუთვალისწინებელი ნიუანსისთვის, რასაც გზადაგზა ძველი თბილისის საცხოვრებელ ბინებსა თუ კომერციულ ფართებში წააწყდებით, მაშინ ეს უბნები ნამდვილად არ დაგტოვებთ იმედგაცრუებულს. მაგრამ, თუ ამ ადგილებში ე.წ. ვარდისფერი სათვალით დასეირნობთ, დროა მოიხსნათ და ამ სტატიის კითხვას შეუდგეთ.
დედაქალაქის ყველაზე ძველი, ტურისტულად მომზიდველი ქალაქის ისტორიული ნაწილი, არანაკლებ მიმზიდველია საინვესტიციოდ, რადგან აქ უძრავი ქონების კვადრატული მეტრის ღირებულება 1 500 აშშ დოლარიდან 10 000 აშშ დოლარამდე მერყეობს. თუმცა, ვიდრე ძველ შენობაში ერთი შეხედვით ლამაზ, მოჩუქურთმებულაივნიან, მოხატული სადარბაზოს მქონე რომელიმე ბინის ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებ, გაითვალისწინე რამდენიმე რჩევა, რომელსაც ძველ თბილისში უძრავი ქონების ექსკლუზიური მართვის კომპანია „კედაროს“ თანადამფუძნებელი, ეკატერინე ჭიღლაძე გაგვიზიარებს.
ეკატერინეს თქმით, თბილისის ისტორიულ ნაწილში უძრავი ქონების შეძენის მსურველთა დიდი ნაწილი მზად არ არის გაუმკლავდეს იმ პრობლემებს, რაც ხშირად მათ ძველ ბინებში ხვდებათ. სწორედ ამიტომ, ასეთი ადამიანები, გაუაზრებელი გადაწყვეტილების გამო, მალევე ყიდიან ერთ დროს დიდი ენთუზიაზმით ნაყიდ ბინებს და ამბობენ, რომ არ გაუმართლათ.
„ყველაზე ხშირად პოტენციური მყიდველები ერთი და იგივე შეცდომას უშვებენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თითოეულ მათგანს წინასწარ ვაწვდით ინფორმაციას. საუბარია პირველ რიგში შენობების ხანდაზმულობაზე, შემდგომ იმ შეზღუდვებზე, რაც დაწესებულია ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე შენობებისთვის. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ძველი თბილისის სამეზობლოს დამოკიდებულება ახალი მობინადრის მიმართ. ასევე, აუცილებელია მყიდველმა წინასწარ გაარკვიოს, რა დონეზეა გაკეთებული ბინაში ხმის იზოლაცია, რადგან მოგესხენებათ, ძველი თბილისის სახლების უმრავლესობაში სართულებს შორის არ არის მოჭიმული იატაკი და ხმა იმაზე მეტად ჩადის ქვედა სართულებზე, ვიდრე კორპუსებში. გასათვალისწინებელი საკითხების სია საკმაოდ დიდია, სწორედ ამიტომ ჩვენ თითოეულ დაკვეთას ინდივიდუალურად ვუდგებით და ქონების შერჩევაც იმის შესაბამისად ხდება, რა დონეზე კარგად იცნობს მომხმარებელი ამ უბნის სპეციფიკას“, - ამბობს ეკატერინე ჭიღლაძე.
თუმცა, მისი თქმით, მედალს ორი მხარე აქვს, შესაბამისად, გაუთვალისწინებელი შემთხვევების მიღმა არსებობს ის სტაბილურად მზარდი მოგება, რაც ამ უბანში არსებულ ქონებებს მოაქვს მყიდველისთვის.
„ძველი თბილისის განვითარება ახალი უბნების განვითარებისგან განსხვავდება. ახლავე გეტყვით რას ვგულისხმობ. ნებისმიერ ახალ აშენებულ კორპუსში უძრავი ქონების ფასი მაქსიმუმს მაშინ აღწევს, როცა ეს კორპუსი დასრულდება და შესახლდება. ყოველ მომდევნო წელს ასეთ კომპლესში ნაყიდი ბინის ფასი, მისი ცვეთის გათვალისწინებით აღარ არის მზარდი, ის არის შეჩერებული და მომდევნო წლებში, კორპუსის დაძველებასთან ერთად, მისი ფასი დაიკლებს. ძველ თბილისში კი ეს ყველაფერი საპირისპიროდაა. თითოეულ შენობას, რომელსაც გააჩნია ისტორიული ძეგლის სტატუსი, წლიდან წლამდე ემატება ფასი, რადგან ასეთი ტიპის შენობების გამრავლება ვერ ხდება და ის რჩება უნიკალურ ნაგებობად. სწორედ ამიტომ, როდესაც ადამიანი ძველ თბილისში ყიდულობს ქონებას, მან კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ის ყიდულობს ამ შენობის ისტორიას, ფასეულობას, კულტურას, მის საერთო ღირებულებას და არა მხოლოდ კვადრატულ მეტრს. გქონდეს ბინა ძველ თბილისში, ნიშნავს ფლობდე ისტორიის ნაწილს“, - ამბობს ეკატერინე ჭიღლაძე.
„კედაროს“ დამფუძნებლის ინფორმაციით, ამჟამად, ძველი თბილისის მიმართ ყველაზე დიდი ინტერესი არის იმ ადამიანებისგან, ვისაც აპარტამენტებში ტურისტების მიღება-დაბინავება სურს.
„ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირია დაკვეთა, რომ სურთ შეიძინონ საცხოვრებლადაც. უბანი საკმაოდ მიმზიდველია ევროპელი ტურისტებისთვის. უძრავ ქონებას ძველ თბილისში აქტიურად ყიდულობენ ფრანგები, გერმანელები და რაც ჩვენთვის ყველაზე სასიხარულოა, ქართველი ემიგრანტები. პირადად ჩემთვის ყველაზე სასიამოვნოა, როდესაც ლამაზ, ისტორიულ შენობაში ბინებს ქართველები ყიდულობენ. ამ მომენტში საკმაოდ სუბიექტური ვარ და მათ განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ, რადგან ვფიქრობ რომ ეს შენობები ჩვენი ქალაქის უმნიშვნელოვანესი ისტორიაა და მას თანამემამულეები უნდა ფლობდნენ“, - ამბობს ეკატერინე ჭიღლაძე. \
ესაუბრა: ნათია ვასაძე