„ნამდვილი პატრიოტი და უბრალოდ წესიერი ადამიანი – არასდროს ყოფილა ფულის „ხამი“ და ნიშანწყალი არ ჰქონდა ვარსკვლავური ავადმყოფობის“ - სააკაშვილი არველაძეზე
„შოთა არველაძე ამ დღეებში იქცევა როგორც ნამდვილი პატრიოტი და უბრალოდ წესიერი ადამიანი“, – წერს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რითაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ფეხბურთელ შოთა არველაძის მიერ გამოხატულ პოზიციას ეხმაურება.
„მე შოთა პირველად გავიცანი 90-იან წლებში, როცა „აიაქსის“ სუპერვარსკვლავი იყო და ჰოლანდიელების დიდი სიყვარულით სარგებლობდა, გამორჩეული შრომისმოყვარეობისა და მოკრძალებული ცხოვრების წესის გამო.
არასდროს ყოფილა ფულის „ხამი“ და ნიშანწყალი არ ჰქონდა ვარსკვლავური ავადმყოფობის.
იმ დღეებში ოფიციანტმა რომ გაიგო საქართველოდან ვიყავი მკითხა „თქვენი პრეზიდენტი შარველაძეა ხომ?“ (შევარდნაძის დრო იყო)“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, შოთა არველაძემ 8 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართულ მორიგ აქციაზე ტელეკომპანია „ფორმულასთან“ განაცხადა, რომ მთავრობა ადამიანების მოთხოვნებს მხოლოდ სისასტიკით პასუხობს:
„რაც მეტ ადამიანობას ვითხოვთ და რომ ხალხს მოუსმინონ, მით უფრო სისასტიკე მოდის პასუხად, ნეტა სად არის ამ სისასტიკის ზღვარი?! რაც უფრო მეტ შველას, პასუხს ადამიანობას ვითხოვთ, უფრო მეტი სისასტიკით გვპასუხობს, ვინც გვპასუხობს, მთავრობა, თუ რაც ჰქვია“.