ინვესტიცია უძრავ ქონებაში - რისკები და სარგებელი
უძრავ ქონებაში ინვესტირება ბევრ მნიშვნელოვან სარგებელს, მრავალფეროვან შესაძლებლობებსა და არჩევანს აერთიანებს.
ამ სტატიაში განვიხილავთ, რა არის საინვესტიციო უძრავი ქონება, რას გულისხმობს მასში ინვესტირება და რა რისკები უნდა გავითვალისწინოთ უძრავ ქონებაში ინვესტირებისას?
რა არის საინვესტიციო უძრავი ქონება?
საინვესტიციო უძრავი ქონება არის უძრავი ქონება, რომელიც განკუთვნილია არა საცხოვრებლად, არამედ საინვესტიციო მიზნებისთვის და გამოიყენება გაქირავების შედეგად შემოსავლის მისაღებად და ფასის ზრდის შემდეგ გაყიდვით მოგების გამოსამუშავებლად. როგორც წესი, უძრავ ქონებაში ინვესტიციას დიდი ფინანსური სარგებელი მოაქვს.
უძრავ ქონებაში ინვესტირების ტიპები
მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონების ბაზარზე მრავალი მიმართულებით შეიძლება ინვესტიციის ჩადება, უპირველეს ყოვლისა, ქონების უმეტესობა ორ კლასიფიკაციად იყოფა: საცხოვრებელი და კომერციული.
პირველ მათგანში იგულისხმება სახლები, ბინები და ზოგადად ნებისმიერი საცხოვრებელი კომპლექსი თუ ფართი. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს აპარტამენტების შეძენა, რადგან მის მფლობელს სასტუმროსთვის საჭირო ყველა სერვისის გამოყენების საშუალება ეძლევა - მაღალგანვითარებული ინფრასტრუქტურის, მომსახურების, კონსიერჟის, რესეფშენისა და ა. შ. სურვილის შემთხვევაში კი აპარტამენტის გაქირავება შესაძლებელია სასტუმროს მმართველობის დახმარებით.
ამასთან, აუცილებელი არაა, ადამიანმა მშენებარე ან უკვე აშენებულ საცხოვრებელში ჩადოს ინვესტიცია - სანაცვლოდ, შესაძლებელია თავად ააშენოს ან იყიდოს კომპლექსი, რომელსაც შემდეგ ჰოსტელის სახით გამოიყენებს, დღიურად გააქირავებს. ესეც ერთ-ერთი ეფექტური გზაა მუდმივი შემოსავლის მისაღებად, უბრალოდ მეტ ძალისხმევას და ყურადღებას მოითხოვს, ვინაიდან თავად იქნება ინვესტორი ყველაფერზე პასუხისმგებელი.
რაც შეეხება კომერციულ საინვესტიციო ქონებას, აქ არჩევანი კიდევ უფრო მრავალფეროვანია და მოიცავს საცალო მაღაზიებს, საოფისე შენობებს ან საწყობებს. წინა ვარიანტისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ინვესტორი ძირითადად პასიურ მდგომარეობაშია და შემოსავალს იღებს ფართისგან, რომელსაც სხვები იყენებენ. თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია, კონკრეტული ფართით თავადაც ისარგებლოთ, რაც მეტი ვარიაციის შესაძლებლობას იძლევა.
ასევე აპრობირებული მეთოდია გასარემონტებელი ფართის შესყიდვა, მისი გარემონტება და შემდეგ უფრო მაღალ ფასში გაყიდვა ან გაქირავება/გაგირავება.
შესაძლებელია ინვესტიცია მიწის ნაკვეთშიც. ამ შემთხვევაში სარფიანი წინადადება იქნება შედარებით დიდი ტერიტორიის შესყიდვა და მას შემდეგ რაც კვადრატულის ფასი მოიმატებს, ნაწილის გაყიდვა. ამ ვარიანტით თავადაც დაგრჩებათ ნაკვეთი, რომელზეც თუნდაც სახლს ააშენებთ ან მეურნეობას გააშენებთ და ასევე მიიღებთ შემოსავალსაც, რომელმაც შესაძლოა სწორედ აღნიშნული სახლის აშენება დაგიფინანსოთ. ასევე, მოიმატებს ნაკვეთის ფასი იმ შემთხვევაშიც, თუკი თქვენ მას შემოღობავთ, შეიყვანთ კომუნიკაციებს და ა.შ.
რა რისკები უნდა გავითვალისწინოთ უძრავ ქონებაში ინვესტირებისას?
გარდა სარგებლისა, უძრავ ქონებაში ინვესტირებას რამდენიმე უარყოფითი მხარეც აქვს, ესენია:
ხანგრძლივი ანაზღაურებადი პერიოდი - უძრავ ქონებაში ინვესტირება გრძელვადიანი პროცესია.
ხარჯები - უძრავ ქონებაში ინვესტირებას თან ახლავს დამატებითი ხარჯები რემონტის, კომუნალური გადასახადებისა და შემდგომი მოვლა-პატრონობის.
გადასახადები - უძრავი ქონების გაქირავება იბეგრება შემოსავლის 5%-ის ოდენობით, ხოლო კომერციული ფართის შემთხვევაში 20 %-ით. ინვესტორი იღებს ვალდებულებას გადაიხადოს გადასახადები უძრავი ქონების გაყიდვისას, თუ ის მის საკუთრებაში 1 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაშია. ის ასევე იხდის ინდივიდუალურ საშემოსავლო გადასახადს, რომელიც შეადგენს მიღებული მოგების 10%-ს.
მიუხედავად ამისა, ინვესტირება უძრავ ქონებაში არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და საიმედო ინსტრუმენტი თქვენი სტაბილური შემოსავლის გაზრდისთვის.