როგორ ითვლიან საშუალო ხელფასს საქართველოში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის IV კვარტალში ქვეყანაში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2,217.5 ლარს შეადგენდა, რაც წლიურ ჭრილში 8.5%-ით არის გაზრდილი. ეს თანხა წარმოადგენს 2024 წლის მეოთხე კვარტალში ყველა დასაქმებული პირის მიერ მიღებულ მთლიან ანაზღაურებას გაყოფილი მათ რაოდენობაზე. შესაბამისად, ის დათვლილია საშუალო არითმატიკულის მეთოდით.
ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საშუალო ხელფასი წარმოადგენს ქვეყანაში მთლიანად დარიცხული ხელფასის საშუალოს და არა ხელზე აღებული ხელფასის საშუალოს. ამის დასათვლელად, ამ ანაზღაურებას საშემოსავლო გადასახადის სახით 20% უნდა გამოაკლდეს, რათა ის რეალურად დასაქმებულთა მიერ მიღებულ საშუალო შემოსავალს დაუახლოვდეს. 2,217.5 ლარის საშუალო ხელფასისთვის საშემოსავლო გადასახადი წარმოადგენს 443 ლარს, ანუ ხელზე აღებული რეალური საშუალო ხელფასი 1773 ლარს შეადგენდა.
თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ საშუალო ხელფასი წარმოადგენს საშუალო არითმატიკულით დათვლილ ანაზღაურებას, ის სრულად არ ასახავს რეალურ საშუალოს, რომელსაც დასაქმებულთა უმეტესი ნაწილი იღებს ხელფასის სახით. აღნიშნული მონაცემს გაცილებით უკეთ გადმოსცემს მედიანური ხელფასის სტატისტიკა, რომელსაც საქსტატი წლიურ ჭრილში აქვეყნებს. 2024 წლის მედიანური ხელფასის ზუსტ მონაცემს საქსტატი 2025 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნებს, რაც შეეხება წინა წლის მონაცემებს, მაგალითად 2023 წელს საქართველოში საშუალო ხელფასი 1767 ლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც მედიანური ხელფასი ამაზე 29.9%-ით უფრო ნაკლები იყო და 1238 ლარს შეადგენდა.