თეგებით ძიება

ბიზნესის და ქონების რეგისტრაცია საქართველოში - პროცესები და ფასები

საქართველო განთქმულია თავისი ხელსაყრელი ბიზნეს გარემოთი და მარტივი რეგისტრაციის პროცედურებით. თუმცა, იმისათვის, რომ თქვენი ქონება ან ბიზნესი სრულად კანონიერად იქნას დარეგისტრირებული და მომავალში არ შეხვდეთ დაბრკოლებებს, აუცილებელია იცოდეთ პროცედურები, რომლებიც მოითხოვს შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და რეგისტრაციისთვის საჭირო ეტაპების გავლას. ამ სტატიაში განვიხილავთ ნაბიჯ-ნაბიჯ პროცესს, რომელიც დაგეხმარებათ წარმატებით დარეგისტრიროთ უძრავი ქონება ან ბიზნესი საქართველოში.

ვის შეუძლია საქართველოში უძრავი ქონების შეძენა, იჯარით აღება ან ქირაობა? 

საქართველოში უძრავი ქონების (კორპუსის ბინა, კერძო სახლი, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი) შეძენა, იჯარა/ქირაობა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს. ერთადერთი გამონაკლისი სასოფლო-სამეურნეო მიწაა, რომლის შეძენის უფლებაც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს აქვს. 

აუცილებელია, საქართველოში შეძენილი, ოჯარით ან ქირავნობით აღებული უძრავი ქონება იყოს რეგისტრირებული ოფიციალურ ორგანოში.

სად შეძლებთ უძრავი ქონების რეგისტრაციას?

უძრავი ქონების შეძენასთან, იჯარით აღებასთან და ქირაობასთან, დაკავშირებულ ყველა საჭირო მომსახურეობას იუსტიციის სახლის ფილიალებში მიიღებთ.

რა გჭირდებათ შეძენილი უძრავი ქონების რეგისტრაციისთვის?

მას შემდეგ რაც უძრავ ქონებას შეიძენთ, მისი რეგისტრაციისთვის დაგჭირდებათ:

- ნასყიდობის ხელშეკრულება ქართულ ენაზე. 

როდესაც მყიდველი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და არ იცის ქართული ენა, ხელშეკრულება უნდა მომზადდეს ორ ენაზე. ასეთ შემთხვევაში დაგჭირდებათ თარჯიმნის ხელმოწერაც. თარჯიმანი შეიძლება იყოს ნებისმიერი მესამე პირი, რომელმაც ორივე ენა იცის.

- გამყიდველისა და მყიდველის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან პასპორტები

- ხელშეკრულებაზე ხელმოწერების დამოწმება (ხდება ადგილზევე, იუსტიციის სახლში, დამოწმების საფასური - 7 ლარი)

- რეგისტრაციის საფასურის გადახდა: 

4 სამუშაო დღეში - 75 ლარი; 

1 სამუშაო დღეში -220 ლარი; 

იმავე სამუშაო დღეს -300 ლარი. 

რა შემთხვევაში ფორმდება იჯარა და როდის გჭირდებათ ქირავნობის რეგისტრაცია?

როდესაც უძრავი ქონებით სარგებლობა მხოლოდ საცხოვრებლად გსურთ, საჭიროა ქირავნობის რეგისტრაცია. თუ უძრავი ქონების გამოყენებას კომერციული მიზნებისთვის აპირებთ, ამ შემთხვევაში ხდება იჯარის რეგისტრაცია.

რა გჭირდებათ იჯარის/ქირავნობის რეგისტრაციისთვის?

- იჯარის/ქირავნობის რეგისტრაციისთვის დაგჭირდებათ:

- იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულება ქართულ ენაზე.

ბიზნესის რეგისტრაცია

ვის შეუძლია საქართველოში ბიზნესის რეგისტრაცია?

საქართველოში ბიზნესის რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს. 

სად შეიძლება ამ მომსახურების მიღება?

ბიზნესის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო მომსახურეობას იუსტიციის სახლის ფილიალებში მიიღებთ.

რომელია ბიზნესის ყველაზე გავრცელებული ფორმები საქართველოში?

საქართველოში ბიზნესის ყველაზე გავრცელებული ფორმებია ინდივიდუალური მეწარმე (ინდ. მეწარმე) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს). 

ვინ არის ინდ.მეწარმე?

ინდ. მეწარმე ფიზიკური პირია, რომელიც დამოუკიდებლად, პარტნიორების გარეშე ახორციელებს ბიზნეს საქმიანობას და არ იყენებს დაქირავებული პირების შრომას.

ინდ. მეწარმე არ არის იურიდიული პირი. თუ  ბიზნეს საქმიანობიდან ვალი წარმოგეშობათ, მევალეს შეუძლია, დავალიანების დასაფარად თქვენი პირადი ქონება მოგთხოვოთ.

რა დაგჭირდებათ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისთვის? 

- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი

- იურიდიული მისამართი საქართველოს ტერიტორიაზე. თუ საქართველოში უძრავი ქონება გაქვთ, შეგიძლიათ, ამ ქონების მისამართი მიუთითოთ. თუ უძრავ ქონებას არ ფლობთ, საკმარისია, წარადგინოთ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობა, მაგალითად, თუ ქირით ცხოვრობთ, შეგიძლიათ, იმავე ბინის/სახლის მესაკუთრის თანხმობა აიღოთ და თქვენი ინდ.მეწარმის იურიდიულ მისამართად მიუთითოთ.

- ხელმოწერების დამოწმება (ხდება ადგილზევე, იუსტიციის სახლში, დამოწმების საფასური 7 ლარი)

- რეგისტრაციის საფასური: 

1 სამუშაო დღეში  - 26 ლარი

იმავე სამუშაო დღეს -  75 ლარი

რა უნდა იცოდეთ შპს-ს რეგისრტაციამდე?

  • შპს-ს რეგისტრაციისთვის არ არის აუცილებელი მინიმალური საწესდებო კაპიტალი და ბიზნესის დაწყება ნებისმიერი თანხით შეგიძლიათ.
  • შპს-ს დაფუძნება შეუძლია ერთ ადამიანსაც.
  • თუ მეწილეები ანუ პარტნიორები გყავთ, მათ რაოდენობაში შეზღუდული არ ხართ .
  • თუ  ბიზნეს საქმიანობიდან ვალი წარმოგეშობათ, მევალეს შეუძლია ვალის ამოსაღებად მოითხოვოს მხოლოდ შპს-ის საკუთრებაში არსებული ქონება. დამფუძნებლის პირადი ქონება ხელშეუხებელია.

რა დაგჭირდებათ შპს-ს რეგისტრაციისთვის?

 - შპს-ს წესდება ქართულ ენაზე.

თუ დამფუძნებელმა/წილის მფლობელმა არ იცის ქართული ენა, წესდება უნდა შეადგინოთ ორ ენაზე. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია თარჯიმნის ხელმოწერაც. თარჯიმანი შეიძლება იყოს ნებისმიერი მესამე პირი (არ უნდა იყოს დირექტორი/მეწილე/დამფუძნებელი), რომელიც ორივე ენას ფლობს.

 - ყველა დამფუძნებლის/დირექტორის/მეწილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი

 - ხელმოწერების დამოწმება (ხდება ადგილზევე, იუსტიციის სახლში, საფასური 7 ლარი)

 - რეგისტრაციის საფასურის გადახდა:

1 სამუშაო დღეში - 200 ლარი

იმავე სამუშაო დღეს - 400 ლარი. 

წყარო - Dopomoga Ukraini


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა