როდის ჩნდება ფენიბუტზე ადიქცია და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას
ფენიბუტი ნოოტროპული და ფსიქოსტიმულატორი საშუალებაა. მიჩნეულია, რომ იგი ერთდროულად ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ამის პარალელურად ფსიქოლოგიურ ფუნქციონირებასაც აუმჯობესებს, ანუ ტვინს მუშაობაში ეხმარება.
მედიკამენტი ამინოფენილცხიმოვანი მჟავის ჰიდროქლორიდს შეიცავს, როგორც მოქმედ ნივთიერებას. იგი გამა-ამინოერბოს მჟავას (GABA), ტვინის მიერ წარმოქმნილი ნეიროტრანსმიტერის, მსგავსი ნაერთია და მის მუშაობას იმეორებს.
პრეპარატი უმეტესად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გამოიყენება, მათ შორის საქართველოშიც. ფენიბუტზე არსებული კვლევების უმეტესობა რუსულია, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ მის სარგებლიანობას სანდო ნაშრომები მოწმობს. ამისა და შესაძლო გვერდითი მოვლენების გამო აშშ-ში FDA ფენიბუტის გამოყენების ნებართვას არ გასცემს.
პრეპარატი განწყობის, ძილისა და ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად მაინც გამოიყენება, ამიტომ მნიშვნელოვანია, მისი მიღების პოტენციურ საფრთხეებზეც გვქონდეს ინფორმაცია. ცნობილია, რომ ფენიბუტმა შეიძლება დამოკიდებულება გამოიწვიოს, მსგავსად ფსიქიკაზე მოქმედი სხვა პრეპარატებისა.
როგორ ჩნდება ფენიბუტზე ადიქცია?
ამერიკის ადიქციის ცენტრების მიხედვით, დროთა განმავლობაში ფენიბუტი ბუნებრივ ნეიროტრანსმიტერს ანაცვლებს და, როგორც ქიმიურ, ასევე თანდათან ფიზიკურ ცვლილებებსაც იწვევს ტვინში. შეიძლება განვითარდეს ტოლერანტობა და მოხსნის სინდრომიც.
ფენიბუტის მიღებისას მალევე, გარდა სიმშვიდისა და სიფხიზლის შეგრძნებებისა, ტოლერანტობის განვითარება იწყება. სხვა სიტყვებით, თავდაპირველი ეფექტის მისაღებად უფრო მაღალი დოზის მიღება ხდება საჭირო. რაც მეტი რაოდენობით იღებს პაციენტი პრეპარატს, მით უფრო რთული ხდება მისთვის თავის დანებება.
თუკი კარგად შედგენილი გეგმა არ არსებობს, ფიზიკური და ფსიქოლოგიური სიმპტომების გამო ფენიბუტის მოხსნა, შესაძლოა, განსაკუთრებით რთული აღმოჩნდეს. მაშინაც კი, როცა პაციენტს თავადვე სურს ამის გაკეთება, სიმპტომები ზოგჯერ მაინც საკმაოდ შემაწუხებელია. კვლევებმა აჩვენა, რომ ეს პრობლემები შეიძლება დოზის გამოტოვებიდან 3-4 საათის შემდეგ დაიწყოს და 2 კვირამდე გაგრძელდეს.
მოხსნის სინდრომის ნიშნებია:
● ტრემორი, იგივე კანკალი;
● შფოთვა;
● მადის დაქვეითება;
● აგზნება;
● დეპრესია;
● თავბრუსხვევა;
● ძილის პრობლემა;
● აზროვნების სირთულეები;
● დაღლილობა;
● სწრაფი გულისცემა;
● ჰალუცინაციები;
● გულისრევა ან ღებინება.
ფენიბუტზე ადიქციამ სხვადასხვანაირი შედეგი შეიძლება გამოიღოს. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს და რა დოზებით იღებდა პაციენტი ამ პრეპარატს. მცირე რაოდენობით მიღებისას მისი მოხსნა უფრო მარტივია, თუმცა ხანგრძლივი დროით დიდი დოზების გამოყენება ზოგჯერ სერიოზულ ნევროლოგიურ ცვლილებებს იწვევს.
ზოგი ადამიანი ფენიბუტს დოზის შემცირების გარეშე ანებებს თავს, თუმცა ამან, შესაძლოა, მოხსნის სინდრომის სიმძაფრე და ხანგრძლივობა გაზარდოს. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გაკეთდეს.
როგორ უნდა მოვიქცეთ ადიქციის განვითარების შემთხვევაში?
ფენიბუტზე დამოკიდებულება აუცილებლად ექიმმა უნდა მართოს. პრეპარატის მოხსნისას სხვადასხვა მიდგომას იყენებენ. მაგალითად, შესაძლოა, ამ დროს მკურნალმა რაიმე სხვა საშუალება თუ მედიკამენტი დანიშნოს. ცნობილია, რომ ტვინში ნეიროტრანსმიტერების ბალანსის აღსადგენად მაგნიუმს, ტაურინს, მელატონინსა და სხვა ნაერთებს იყენებენ.
ასეთ დროს ფსიქოთერაპიაც რეკომენდებულია, თუნდაც კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT). ფსიქოთერაპევტი პაციენტს ეხმარება გაიგოს, თუ რა აზრები უსწრებს წინ კონკრეტულ ქცევას (ამ შემთხვევაში ფენიბუტის მიღებას), შემდეგ კი ერთად ცდილობენ ამ აზრებისა და ქცევის უფრო ჯანსაღი ალტერნატივებით ჩანაცვლებას.
ფენიბუტზე დამოკიდებულებისას მნიშვნელოვანია, რომ თანმდევ სხვა პრობლემებსაც მივაქციოთ ყურადღება, იქნება ეს შფოთვა, დეპრესია თუ რაიმე სხვა. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ მდგომარეობებმა უბიძგა პაციენტს ფენიბუტის გამოყენებისკენ, ამიტომ ხანგრძლივი რემისიის შესანარჩუნებლად ეს პრობლემები უნდა მოგვარდეს.
კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი ასპექტია ფენიბუტის დოზების თანდათანობით შემცირება. ამ დროს წამალს პაციენტი თანდათანობით უფრო ცოტა რაოდენობით იღებს, ტვინს კი შეგუების საშუალება ეძლევა. ეს ექიმის ჩართულობით უნდა მოხდეს, რათა პროცესი მაქსიმალურად უსაფრთხოდ წარიმართოს და დისკომფორტიც ნაკლები იყოს.
თუკი იეჭვებთ, რომ ფენიბუტზე დამოკიდებული ხართ, მნიშვნელოვანია, რომ ექიმს რაც შეიძლება სწრაფად მიმართოთ. შეიძლება რთული იყოს, თუმცა ეს პრობლემის მოგვარების ერთადერთი და მაინც ყველაზე მარტივი გზაა — რაც უფრო დიდხანს გრძელდება ადიქცია, მით უფრო რთული გახდება მისი დამარცხება. ექიმი დაგეხმარებათ იმის გადაწყვეტაში, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს.