"შესაძლოა, „ლივერპულმა“ გიორგი მამარდაშვილი კვლავ იჯარით გაუშვას“ - ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი
2025 წლის ზაფხული ახლოვდება და ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ გიორგი მამარდაშვილს „ლივერპულის“ შემადგენლობაში იხილავდა, თუმცა, ქართველი მეკარის ბედი კვლავ გაურკვეველი რჩება. როგორც ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი Rousing The Kop-იდან, გრემ ბეილი აცხადებს, შესაძლოა, მამარდაშვილი კლუბმა ისევ იჯარით გაუშვას.
როგორც ჟურნალისტი ამბობს, ამ გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს როგორც „ლივერპულის“ მოქმედი მეკარის, ალისონ ბეკერის გადაწყვეტილება, ასევე გიორგი მამარდაშვილის რთული სეზონი „ვალენსიაში“.
„ვალენსიას საშინელი სეზონი ჰქონდა და შესაძლოა, ლა ლიგიდან გავარდეს. შექმნილი ფონი, მხოლოდ გაართულებს მამარდაშვილის პოტენციურ როლს „ლივერპულში“, სადაც ამ დროისთვის, ის მეორე მეკარედ განიხილება ალისონ ბეკერის შემდეგ“, - ამბობს ჟურნალისტი.
არსებული ცნობით, ალისონ ბეკერს გადაწყვეტილი აქვს, კონტრაქტით 2026 წლამდე დარჩეს.
„100%-იანი დასტური არ მაქვს „ლივერპულისგან“, რომ მამარდაშვილი მომავალი სეზონიდან მათთან დაიწყებს თამაშს. არ გამოვრიცხავ, რომ ალისონი შემდეგ სეზონშიც კლუბში იქნება, ხოლო მამარდაშვილმა შესაძლოა, კიდევ ერთი სეზონი გაატაროს იჯარით. ძალიან გამიკვირდება, მამარდაშვილი მეორე მეკარის როლს რომ დასთანხმდეს მაშინ, როდესაც წინ მსოფლიო ჩემპიონატია“, - ამბობს გრემ ბეილი.