წელს საქართველოდან თაფლის ექსპორტი 96%-ით შემცირდა - როგორია 5 წლის სტატისტიკა?
საქართველოდან თაფლის ექსპორტი შემცირდა.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, წელს, ქვეყანამ 530 კილოგრამი ნატურალური თაფლი გაყიდა, საიდანაც $5.6 ათასის შემოსავალი მიიღო. მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, საქართველოს $86.2 ათასის ღირებულების 13 ტონა თაფლი ჰქონდა გაყიდული.
აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყანას ნატურალური თაფლის ექსპორტი 95.9%-ით შეუმცირდა.
2025 წელს, ნატურალური თაფლის ექსპორტი საქართველომ თებერვალში სომხეთში გაყიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული თაფლის გასაღების მთავარი ბაზარი 2024 წლამდე ევროკავშირი იყო.
თაფლის ექსპორტის ლიდერი ქვეყნები 2021-2025 წლებში (იანვარ-თებერვალი) :
2024 წელი - აზერბაიჯანი;
2023 წელი - საფრანგეთი ;
2022 წელი - ბულგარეთი;
2021 წელი - ბულგარეთი.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს თაფლის ექსპორტი ყოველწლიურად უმცირდება. წლევანდელი საექსპორტო მაჩვენებლები კი დრამატულად შემცირებულია.
თაფლის ექსპორტი 2021-2025 წლები (იანვარ-თებერვალი):
2021 წელი - $47.5 ათასი, 20 ტონა;
2022 წელი - $ 72.9 ათასი, 23 ტონა;
2023 წელი - $ 184.4 ათასი, 25 ტონა;
2024 წელი - $ 86.2 ათასი, 13 ტონა;
2025 წელი - $5.6 ათასი, 530 კილოგრამი.
ინფორმაციისთვის, 2024 წელს საქართველოდან 271 150 აშშ დოლარის ღირებულების 33.8 ტონა თაფლი გაიყიდა, რაც 2023 წელთან შედარებით, თანხაში 64.41%-იანი, ხოლო მოცულობაში 69.4%-იანი შემცირებაა.