საქსტატი - 2024 წელს სახელმწიფომ 40 პატენტი გასცა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს, ჯამში, 40 პატენტი გაიცა. აქედან 38 ადგილობრივი განცხადება იყო, ორი კი – უცხოური.
2023 წელთან შედარებით, პატენტების რაოდენობა სამით გაიზარდა. საქსტატის ცნობით, გასულ წელს საქპატენტში ჯამურად 103 განაცხადი შევიდა, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური, და აქედან მხოლოდ 40 განცხადება დაკმაყოფილდა.
პატენტი არის სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი მფლობელის განსაკუთრებულ უფლებას გამოგონებაზე, რომლის არსიც ის არის, რომ მფლობელს შეუძლია, აკრძალოს თავისი გამოგონების უნებართვო გამოყენება. პატენტი მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას, აუკრძალოს სხვა პირებს თავისი ნებართვის გარეშე პატენტით დაცული პროდუქტის დამზადება, გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება და სხვა. მფლობელს შეუძლია, უფლება მისცეს ან გასცეს ლიცენზია სხვა პირებზე პატენტის გამოყენების შესახებ მხოლოდ ურთიერთშეთანხმებული პირობებით.