ქართული ხელოვნების წარმატება აშშ-ში - სალომე ჭელიძის საერთაშორისო აღიარება
ფერმწერი მხატვარი, სალომე ჭელიძე ვილსონი, რომელიც 2023 წლიდან მოღვაწეობს აშშ-ში, შეირჩა კალიფორნიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ პროექტში მონაწილეობისთვის.
საუბარია სან-ფრანცისკოს ცუკერბერგის გენერალური ჰოსპიტალის ყოველწლიურ ინიციატივაზე — „გულები სანფრანცისკოსთვის“ (Hearts in San Francisco), რომლის ფარგლებშიც არჩეული მხატვრები ქმნიან უნიკალურ ქანდაკებებს გულის ფორმით. ეს ხელოვნების ნამუშევრები ქალაქის სხვადასხვა გამორჩეულ ლოკაციაზე იდგმება და მის კულტურულ იდენტობას ემსახურება.
სწორედ ამ პროექტს შეემატა სალომე ვილსონის შთამბეჭდავი ნამუშევარი სახელწოდებით "Heart to Heart with Autism" — გული გულისთვის, აუტიზმთან ერთად. ეს ემოციური და სიღრმისეული ნამუშევარი მიძღვნილია ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც აუტიზმი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია.
"ეს გული არის სიყვარულისა და თანადგომის სიმბოლო. ის აერთიანებს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისა და მათი ოჯახების გულებს, იმედით, რომ ერთად ვქმნით უფრო მგრძნობიარე, მომთმენ და გულისხმიერ საზოგადოებას,“ - ამბობს სალომე ჭელიძე ვილსონი.
გამორჩეულ მხატვრებთან ერთად, სალომეს ნამუშევარიც წარმოდგენილი იყო სანფრანცისკოს კონსერვატორიაში გამართულ ოფიციალურ ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ცნობილი ადამიანები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და საზოგადოების აქტიური წევრები.
სალომეს მიღწევა არა მხოლოდ მისი პერსონალური გამარჯვებაა, არამედ იმ უამრავი ქართველის ამაღელვებელი მაგალითია, ვინც თავისი ნიჭით ქვეყნის სახელს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ამაყად წარმოსახავს.