ნახე რამდენი ადამიანია დასაქმებული სამშენებლო სექტორში და როგორია მათი ანაზღაურება?
საქართველოში სამშენებლო სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკაში, დასაქმებისა და წარმოების თვალსაზრისით. ამ სექტორში დასაქმებულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2022 წელს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 108,600 ადამიანს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით (94,400 ადამიანი 2021 წელს) ზრდას აჩვენებს. დღესისთვის კი 130,000-ს აჭარბებს.
რაც შეეხება სპეციალობებს, სამშენებლო სექტორი მოიცავს მრავალფეროვან პროფესიებს, მათ შორის არიან:
- ინჟინრები - სამშენებლო, ელექტრო, მექანიკური და სხვა ინჟინერიის დარგებში;
- არქიტექტორები - პროექტირების და დიზაინის მიმართულებით;
- მშენებლები და ხელოსნები - დურგლები, ელექტრიკოსები, სანტექნიკოსები, შედუღების სპეციალისტები და სხვა;
- მენეჯმენტი და ადმინისტრაცია - პროექტების მენეჯერები, ფინანსისტები, ლოჯისტიკის სპეციალისტები.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2,624.6 ლარი იყო (გადასახადების ჩათვლით), რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.3%-ით მეტია. ეს ნიშნავს, რომ ბოლო მონაცემებით სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა ყოველთვიური წმინდა ხელფასი (ხელზე ასაღები) საშუალოდ 2100-2400 ლარის ფარგლებში მერყეობს.
აღსანიშნავია, რომ ხელოსნების ანაზღაურება შეიძლება განსხვავდებოდეს რეგიონების მიხედვითაც. თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში ანაზღაურება, როგორც წესი, უფრო მაღალია, ვიდრე რეგიონებში.