VII-IX საუკუნის ციხე-დარბაზი გლდანთან, რომლის შესახებ ბევრმა არაფერი იცის
ვეჯინის ციხე-დარბაზის კომპლექსი მდებარეობს სოფელ გლდანის დასავლეთით, ვეჯინის ხევში, გლდანი-თიანეთის გზიდან 1,5 კმ-ზე. თარიღდება VII-IX საუკუნეებით.
გლდანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს ნასოფლარი ვეჯინი. „ვეჯინისხევის“ სახელწოდებას ატარებს დიდველის მთამდე გავრცელებული ხევი და გარშემო მთები. ვეჯინის მიდამოებში არსებული არქიტექტორული ძეგლები იმაზე მიუთითებენ, რომ ეს ადგილი დასახლებული იყო ადრეულ შუა საუკუნეებში. გლდანში შემაღლებულ ადგილს დღესაც ვეჯინის უბანს უწოდებენ.
ვეჯინის მიდამოში რამდენიმე ძეგლია. ვეჯინისხევის დასაწყისში მთის კალთაზე ძველი ნაგებობის ფრაგმენტია, რომლებიც ციხე-დარბაზის ნარჩენებს უნდა წარმოადგენდნენ. ხალხი მას „ციხეს“ უწოდებს. დიდი დარბაზის კედლებიდან მთელ სიმაღლეზე შემორჩენილია კედლები ვიწრო მხარეზე. სამკუთხა ფრონტონები მოწმობენ, რომ გადახურვა ორქანობიანი იყო. შემონახულია თლილი ქვებით ამოყვანილი სხვა კედლების ფრაგმენტებიც.
თლილი ქვებით უნდა ყოფილიყო მოპირკეთებული ინტერიერიც, რაზედაც მოწმობენ მიწაზე დაყრილი ნახევარწრიული კედლის სვეტების ნაწილები. შემორჩენილია კედლებში დატანილი წყალსადენის კერამიკული მილები.
მკვლევარები, ანალოგიებზე დაყრდნობით, სასახლეს VII-IX საუკუნეებს აკუთვნებენ. ნანგრევების ახლოს დგას პატარა სასახლისეული ეკლესია, კიდევ ორი მცირე ეკლესია დგას ოდნავ მოშორებით ტყეში. სასახლიდან დაახლოებით 500 მეტრის დაცილებით დგას ეკლესია, რომელსაც „ნასოფლარის საყდარს“ უწოდებენ.