გაიგე ქალაქის პირველი საზოგადოებრივი დასვენების პარკის ისტორია
ალექსანდრეს ბაღი - ბაღი თბილისის ცენტრალურ ნაწილში; ქალაქის პირველი საზოგადოებრივი დასვენების პარკი. გაშლილია დამრეცი რელიეფის ორ დონეზე, რუსთაველის გამზირის ჩრდილო-აღმოსავლეთით მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. ამჟამად ბაღს ორ ნაწილად ჰყოფს რ. თაბუკაშვილის ქუჩა, ქვედა ნაწილი გიორგი ლეონიძის სახელს ატარებს.
დღევანდელი ბაღის ქვედა ბაქანზე ძველად მოწყობილი იყო ყაბახი (ასპარეზი), რომელიც დატანილია თბილისის ტურნეფორისეულ (1701), ვახუშტისეულ (1735) და 1800 წ. გეგმებზე. ზედა ბაქანზე, ქაშუეთის ეკლესიასა და გ. ჭანტურიას (ყოფ. ჯორჯიაშვილის) ქუჩას შორის, გვიან შუა საუკუნეებში ქართული სასაფლაო იყო.
XIX ს. შუა ხანებში ძველი ყაბახის ტერიტორიაზე რუსულმა ადმინისტრაციამ მოაწყო სამხედრო პლაცი, რომელსაც იმპერატორ ალექსანდრე II-ის სახელი ეწოდა („ალექსანდრეს პლაცი“). 1859 წ. საფუძველი ჩაეყარა ფერდობზე გაშლილ საზოგადოებრივ ბაღს, რომელიც საზეიმოდ 1865 წ. გაიხსნა და ალექსანდრეს სახელი შეუნარჩუნდა.
ალექსანდრეს ბაღი, ასევე მასში განლაგებული საგამოფენო პავილიონები, მებაღის სახლი, კაფე-რესტორანი, შადრევნები და ქაშუეთის ახალი გალავანი დააპროექტა თბილისში მოღვაწე არქიტექტორმა ოტო სიმონსონმა (1832—1914). საბჭოთა პერიოდში ბაღს კომუნარების სახელი უწოდეს. 1981 წ. ჩატარდა მისი ქვემო ნაწილის რეკონსტრუქცია. 1991 წ. პარკს 1989 წ. მოვლენების აღსანიშნავად ეწოდა 9 აპრილის ბაღი. ბაღის ტერიტორია დაზიადნა 1991-1992 წწ. სამხედრო გადატრიალების დროს. 2007-2009 წწ. მოხდა ბაღის ტერიტორიის განახლება და კეთილმოწყობა.
ბაღის ზედა ნაწილში 1904 წ. დადგეს მოქანდაკე ფ. ხოდოროვიჩის მიერ შესრულებული ნ. გოგოლის ძეგლი, რომელიც 1990-იან წწ. დაიკარგა. 1922 წ. ჭანტურიას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გადაკვეთასთან გაიხსნა ი. ნიკოლაძის მიერ შექმნილი ეგნატე ნინოშვილის ბიუსტი. საბჭოთა პერიოდში ბაღის საწინააღმდეგო მხარეს ა. ჯორჯაძის ქუჩის მხრიდან იდგა სოც.-დემოკრ. რევოლუციონერის ლადო კეცხოველის ძეგლი (მოქანდაკე ვ. თოფურიძე, 1936), ხოლო ბაღის ქვედა ტერასაზე — კომკავშირის ლიდერის ბორის ძნელაძის ძეგლი (მოქანდაკეები რ. თავაძე და კ. მერაბიშვილი, 1929).
2003 წ. გაიხსნა ლადო გუდიაშვილის ძეგლი (მოქანდაკე ჯ. მიქატაძე), ხოლო 2004 წ. ანატოლი სობჩაკის ბიუსტი. ბაღის ტერიტორიაზეა ასევე სკულპტურული კომპოზიცია „რევოლუციის ქარიშხალი“ (მოქანდაკე გ.შხვაცაბაია, 1985) და გ. ლეონიძის ძეგლი (მოქანდაკე თ. ღვინიაშვილი, 1998-1991).