პლინტუსური გათბობის სისტემა - ყველაფერი, რაც მის შესახებ უნდა იცოდეთ
პლინტუსური გათბობა დღესდღეობით პოპულარულია, როგორც თანამედროვე ინტერიერის გათბობის ალტერნატიული და ინოვაციური გადაწყვეტა. მისი პოპულარობა განპირობებულია არა მხოლოდ ესთეტიკით, არამედ პრაქტიკულობითა და ენერგოეფექტურობით, რაც მას იდეალურ არჩევანს ხდის. პლინტუსური გათბობის სისტემა ალუმინის პროფილია და ტრადიციული პლინტუსის ნაცვლად მონტაჟდება.
განვიხილოთ პლინტუსური გათბობის დადებითი და უარყოფითი მხარეები:
დადებითი მხარეები
სითბოს თანაბარი განაწილება
ამგვარი გათბობის სისტემა არ ქმნის ცხელ წერტილებს და ოთახის თითოეული კუთხე თანაბრად თბება.
სივრცის მინიმალური ათვისება
პლინტუსში დამალული სისტემა პრაქტიკულად უხილავია და არ იკავებს დამატებით ადგილს, რაც ინტერიერის დიზაინში შეზღუდვებს არ გიქმნით.
დიზაინის მრავალფეროვნება
პლინტუსური გათბობის სისტემების სხვადასხვა ვარიანტი არსებობს, როგორც სადა, ასევე დეკორატიული. ის გთავაზობთ მრავალფეროვან არჩევანს ფერებში, რისი მეშვეობითაც მარტივად შეძლებთ შეუხამოთ ოთახში არსებულ სხვა ელემენტებს.
ჰიგიენური უპირატესობები
განსხვავებით ტრადიციული რადიატორებისგან, რომლებიც მტვერს აგროვებენ, პლინტუსური სისტემა სისუფთავეს უკეთ ინარჩუნებს.
უარყოფითი მხარეები
ნაკლებად ბიუჯეტური
პლინტუსური გათბობის სისტემების მასალა და ინსტალაცია ტრადიციულ გათბობის მეთოდებთან შედარებით ძვირია.
შეზღუდული სიმძლავრე
დიდი სივრცეებისთვის ან მაღალი ჭერის მქონე ოთახებისთვის პლინტუსური გათბობა შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს.
რა უნდა გაითვალისწინოთ პლინტუსური გათბობის სისტემების მონტაჟისას?
სასურველია პლინტუსური გათბობის სისტემა რემონტის ეტაპზე დაამონტაჟდეს. ეს კონკრეტული დეტალი რემონტის საბოლოო ეტაპია, თუმცა, შავი კარკასის პერიოდში ხდება იმ წერტილების დაფიქსირება, რაზეც უნდა დაკავშირდეს ის.
თქვენ შეხვდებით 2 მილოვან და 3 მილოვან პლინტუსური გათბობის სისტემებს. 2 მილოვანი სისტემა 1 მეტრზე 120 ვატ სითბოს გასცემს, 3 მილოვანი კი 180 ვატს. 3 მილოვანი პლინტუსის სიმაღლე 16.5 სმ-დან 25 სმ-მდეა, 2 მილოვანის სიმაღლე კი 11.5 სმ-დან იწყება. 3 მილოვანი უფრო მეტ სითბოს გასცემს, რის გამოც მას ძირითადად კერძო სახლებში ამონტაჟებენ, ხოლო 2 მილოვანს ბინაში იყენებენ, რადგან აქ სითბოს დანაკარგი დიდი არ არის. ის თუ რამდენ მილოვან სისტემას აირჩევთ, დამოკიდებულია სივრცის თბოდანაკარგზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ პლინტუსური გათბობის სისტემას აქვს ვენტილი. პლინტუსის დაერთების შემავალ და გამავალ მილზე მონტაჟდება რეგულატორი, რისი მეშვეობითაც ინდივიდუალურად შეგიძლიათ მართოთ ტემპერატურა თითოეულ ოთახში.
ამგვარი გათბობის სისტემის ლავირება შეგიძლიათ სხვა გათბობის სისტემებთან, მაგალითად: შეგიძლიათ სივრცის ნაწილში რადიატორები დაამონტაჟოთ, დანარჩენ შემთხვევაში კი პლინტუსი. პლინტუსური გათბობის სისტემებს რადიატორის მუშაობის მსგავსი პრინციპი აქვს, მასაც სჭირდება გაზის ბოილერი. ქვაბი წყალს აცხელებს და გადასცემს პლინტუსებში არსებულ მილებს, ამის შემდეგ კი ოთახში იღებთ სითბოს.