საქართველო დღესაც დგას მძიმე ჰუმანიტარული შედეგების წინაშე
„ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმამ დიდი წვლილი შეიტანა რეფორმების პროცესის დაჩქარებაში და რადგან ყველა ტექნიკური მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უახლოეს მომავალში დაწესდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთად გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მიღწევა საქართველოსა და სხვა პარტნიორებისთვის გახდება უტყუარი დემონსტრირება იმისა, რომ ევროპულ არჩევანს კონკრეტული შედეგები მოაქვს.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა უზრუნველყოფს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, თავისუფალ მედიაგარემოს, სასამართლო სისტემის რეფორმის გაგრძელებას და სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას.
პრემიერმა საქართველო-ევროკავშირის განსაკუთრებულ ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროკავშირის უწყვეტი დახმარებითა და მხარდაჭერით, საქართველო დამაჯერებლად მიიწევს წინ დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების გზაზე და გადაწყვეტილი აქვს ამ მხრივ კიდევ უფრო დიდი წარმატების მიღწევა.
„ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენი ერთობლივი წამოწყებების წარმატების უმთავრესი წინაპირობებია. საქართველო დღესაც დგას გამოწვევებისა და მძიმე ჰუმანიტარული შედეგების წინაშე, რომლებიც რუსეთის მხრიდან ოკუპაციამ და მცოცავმა ანექსიამ მოიტანა.
ამ მხრივ, ჩვენ დიდად ვაფასებთ ევროკავშირის მხრიდან საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შეხვედრისას მხარეებმა ერთმანეთს ასევე გაუზიარეს მოსაზრებები საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის კიდევ უფრო გააქტიურების შესახებ, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, არაღიარების პოლიტიკის, ნდობის გაღვივებისა და ჟენევის მოლაპარაკებებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის აქტიური შუამდგომლობის გზით.
„ხაზგასმით აღვნიშნავ ჩვენს ამბიციას, საქართველო რეგიონში ევროინტეგრაციის წარმატების მაგალითად ვაქციოთ. ამ მხრივ, ჩვენ ვიზიარებთ აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი, როგორც ჩვენი ხედვის ხორცშესხმის კონკრეტული პოლიტიკისადმი, ერთგულებას“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
news.ge