თეგებით ძიება
24. 02. 2016 News-ები

ალეკო ელისაშვილი – თუ პროკურატურა კობა კობახიძეს დღესვე არ დაკითხავს...

თუკი კობა კობახიძეს პროკურატურიდან დღესვე არ დაუკავშირდნენ, ნიშნავს, რომ საგამოძიებო უწყება გაშმაგებული ფარცხავს ე.წ. შეწყალების საქმეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა ადვოკატ კობა კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, მისთვის საყურადღებო იყო ის, რაც კობა კობახიძემ ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით თქვა.

"ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ის, რომ და-ძმა კობახიძეები ძალიან დარწმუნებულები იყვნენ და გარანტირებული ჰქონდათ შეწყალების კომისიაში საქმის ჩაწყობა და მოგვარება. ჩემზე ზეწოლას კობახიძე იმიტომ ცდილობდა, რომ ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულები გაგვეთავისუფლებინა", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ კობა კობახიძე პროკურატურას წესით უკვე დაკითხული უნდა ჰყავდეს.
"გუშინდელი სატელევიზიო განცხადება, რომელიც კობა კობახიძემ გააკეთა, პროკურატურას დავთრებს აურევდა, რადგან საგამოძიებო უწყებას თითქმის დასრულებული აქვს საქმის ჩაფარცხვა და ახლა მოუწევს ახალი არგუმენტების მოფიქრება გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ, თუ როგორ გამოაძვრინოს კობახიძე და ბესელია", - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ე.წ. კოკაინის საქმეში თედო კობახიძის მონაწილეობაზე ადრეც სმენია.

"ანასტასია ზაუტაშვილმა მითხრა, რომ თედო კობახიძეც იყო გარკვეული პერიოდი მსჯავრდებულების ადვოკატი, თუმცა ის დეტალები გუშინ რაც მოვისმინეთ და ის, ვინ რამდენი გადაურიცხეს, არ ვიცოდი", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუკი კობა კობახიძეს პროკურატურიდან დღესვე არ დაუკავშირდნენ, ეს დადასტურება იქნება, რომ საგამოძიებო უწყება "გაშმაგებული ფარცხავს ე.წ. შეწყალების საქმეს".

ადვოკატმა კობა კობახიძემ, გადაცემა "არჩევანში" ე.წ. კოკაინის საქმეზე ისაუბრა, თუ როგორ გახდა ის ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი თედო და მანანა კობახიძის შუამდგომლობით. ადვოკატმა აღნიშნა, რომ მანანა და თედო კობახიძეების მითითებით, მან ანასტასია ზაუტაშვილსა და ამ საქმეზე სხვა ბრალდებულებს თითოს 75 ათასი ევრო მოსთხოვა.

"თედო კობახიძემ მითხრა, რომ უნდა მომეთხოვა 75 ათასი ევრო თითოეულისგან, ანუ 5 ადამიანისგან. პარალელურად კი მოითხოვდა ამ პირების შეწყალებას. მე მომეჩვენა, რომ ეს არარეალური თანხა იყო, მაგრამ თედოს ვინ ეკითხება, მას მანანათი სცემენ პატივს," - განაცხადა კობა კობახიძემ.
interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა