თეგებით ძიება
25. 02. 2016 News-ები

აშშ-მ ნავთობისა და გაზის მსოფლიო ბაზარზე რუსეთის ჩანაცვლება დაიწყო

ახალი წლის ღამეს, გემმა Theo T-მ აშშ-ს სანაპირო დატოვა და ტეხასიდან საფრანგეთში გაემართა. ამ გემით ევროპაში, პირველად რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, ამერიკული „თხევადი თავისუფლების“, ანუ ნავთობის ექსპორტი მოხდება. Bloomberg-ის სტატიის თანახმად, Theo T ნავთობის გარდა სიმბოლიზმითა და ეკონომიკური პოტენციალით იყო დატვირთული.

გავლენიანი ამერიკული Manhattan Institute-ის მთავარი ანალიტიკოსი მარკ მილსი აცხადებს, რომ ეს ფაქტი ენერგობაზარზე თამაშის წესებს მთლიანად შეცვლის.

საუდის არაბეთისთვის და ოპეკი-ს სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც მსოფლიო ნავთობის მიწოდების 40%-ს აკონტროლებენ, ეს ნიშნავს ნაკლებ კონტროლს ნავთობის ფასებზე. რუსეთიც მნიშვნელოვნად დაკარგავს გავლენას ევროპის ქვეყნებზე.

როგორც მილსი ამბობს, პოლიტიკური ეფექტები მანამდე გახდება საგრძნობი, ვიდრე ამერიკული ნავთობი ბაზარზე მნიშვნელოვან როლს დაიკავებს. მისი თქმით, გეოპოლიტიკაში ფსიქოლოგიური მომენტი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კონკრეტული ეკონომიკური შედეგი.

ამის გარდა, აშშ მოუთმენლად ემზადება თხევადი ბუნებრივი აირის საერთაშორისო ბაზარზე გასატანად. ამერიკული კომპანია Cheniere Energy Inc-ი აცხადებს, რომ მხოლოდ მას წელიწადში 9 მილიონი ტონა თხევადი აირის წარმოება შეუძლია, რაც ერთად აღებული ნორვეგიისა და დანიის ერთი წლის მოხმარების მაჩვენებელია.

პირველ ეკონომიკურ სარგებელს ისეთი ამერიკული კომპანიები მიიღებენ, როგორებიც არიან Continental Resources, Chevron და Exxon Mobil. სწორედ ეს კომპანიები ლობირებდნენ აშშ-ს თვითდაწესებული ემბარგოს მოხსნას.

კორპორაციების გარდა, ემბარგოს მოხსნით, კონგრესმა და ობამამ გეოპოლიტიკური გამარჯვებულები და დამარცხებულები შექმნეს. აშშ, რომელსაც ფიქლის გაზის უზარმაზარი მარაგი აქვს, მოგებული დარჩა, ხოლო ისეთი ექსპორტიორები, როგორებიც არიან საუდის არაბეთი და რუსეთი, რომელთათვისაც ნავთობი არამხოლოდ მოგებასთან, არამედ ძალაუფლებასთანაცაა დაკავშირებული, დამარცხებულები არიან.

ნათელია, რომ მიუხედავად ნავთობის ფასის 70%-იანი კლებისა, მყიდველი მოხარულია, რომ მომმარაგებელის მეტი არჩევანი ჩნდება.

„თუ ხარ მყიდველი, მაგალითად სამხრეთ კორეაში და საუდის არაბეთი, რუსეთი და აშშ ერთნაირ ფასს გთავაზობენ, შენ რა თქმა უნდა აირჩევ აშშ-ს, რომელიც პოლიტიკური ზეწოლის მიზნით მომარაგებას არ შეგიწყვეტს“, - აცხადებს მილსი.

მსგავსი ამბავი ვითარდება ბუნებრივი აირის ბაზარზეც. ამერიკული კომპანიები, როგორიც არის მაგალითად Cheniere, მილიარდობით დოლარს დებენ თხევადი აირის ექსპორტის განვითარებაში. ისინი ბუნებრივ აირს ყინავენ -160 გრადუსამდე, რაც მის მოცულობას 600-ჯერ ამცირებს, რათა შემდეგ მოახდინონ სპეციალური ტანკერებით ოკეანის გადაღმა ექსპორტი.

მოსალოდნელია, რომ მომავალი წლების მანძილზე, თხევადი ბუნებრივი აირის საშუალებით ბაზარს ყოველდღიურად 15 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობის ბუნებრივი აირი დაემატება.

„ჩვენ ნამდვილად ჩავანაცვლებთ რუსეთს, როგორც ყველაზე დაბალი ფასით მიმწოდებელს“, - აცხადებს Oppenheimer & Co-ს წამყვანი ანალიტიკოსი.
news.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა