თეგებით ძიება
30. 03. 2016 News-ები

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი საქართველოს სტუმრობს. დოლი თბილისში წუხელ ჩამოვიდა. EPP-ს პრეზიდენტმა მის მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მედიასთან განმარტებაც გააკეთა.

"მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. მე აქ ჩამოვედი, რადგან ყოველთვის ვთვლიდი, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს უფლება და ვალდებულება, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს. ასევე ჩამოვედი იმისთვის, რომ მხარი დავუჭირო ჩვენს პარტიას, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". გავიგე, რომ ბევრი რამ ითქვა პრესაში ჩემი ინტერვიუს შესახებ, რომელიც ვიზების ლიბერალიზაციას შეეხებოდა, თქვენ თქვენს საქმეს აკეთებთ ჟურნალისტები და მე სწორედ ასეთი მიყვარხართ, მედიის თავისუფლების გამო. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა. ჩვენი პარტია იყო სწორედ ის, ვინც ყველაზე მეტი იმუშავა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების და გაწევრიანებისთვის. თქვენ მე არ მიცნობთ, მაგრამ მე გულწრფელი ადამიანი ვარ. გადაწყვეტილება ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ ევროკომისიაში მიღებულია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჯერ გარკვეული გზაა გასავლელი: ჯერ ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შემდეგ ევროპარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი. თამასა, რომელიც მთავრობამ დააწესა, ივნისის თვე, ძალიან მაღალია. მე პირველი ვიქნებოდი ამის მომხრე, თუ ეს შესაძლებელია, რომ ვიზების ლიბერალიზაცია მოხდეს, მაგრამ მე არ მინდა იმედების გაცრუება. ჩემი გამოცდილებით, კარგად ვიცი, რომ ხალხი, რომელიც რაღაცას ელოდება, შემდეგ შეიძლება იმედგაცრუებული აღმოჩნდეს. ხალხი უნდა მოვამზადოთ, რომ გადაწყვეტილება ჩვეულებრივი პროცედურის გავლის შედეგად მიიღება. ეს წესი მოქმედებს არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც. ეს ჩვეულებრივი პროცედურაა და გულისხმობს ევროკავშირის საბჭოს და ევროპარლამენტის მხრიდან გადაწყვეტილებების მიღებას”, - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა.

მისივე განმარტებით, პროცესის დასრულებამდე საქართველომ უნდა გააგრძელოს სვლა კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის კუთხით, ასევე ებრძოლოს კორუფციას.

"კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და კორუფციასთან ბრძოლა – ესენია ის, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით. ამიტომაც ვარ აქ, რომ ადგილზე შევისწავლო სიტუაცია, განვიხილო ეს თემები ხელისუფლებასთან, ჩვენს პარტნიორ პარტიასთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან. ვიმსჯელოთ როგორ ვითარდება ქვეყანა და როგორ შეიძლება დავაჩქაროთ პროცესი, რომ საქართველომ, როგორც ევროპულმა ქვეყანამ მეტი სარგებელი მიიღოს", - აღნიშნა ჯოზეფ დოლიმ.

EPP-ს პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დახვდნენ. დოლის მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების გამო აეროპორტში აქცია მოუწყვეს "მემარცხენე ალიანსის" წევრებმა.

როგორც ცნობილია, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას EPP, რომელიც ევროპარლამენტის წევრია, მხარს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების დამოუკიდებლად ჩატარების შემთხვევაში დაუჭერს.
interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა