თეგებით ძიება
02. 04. 2016 News-ები

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა

ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მომხდარმა ძლიერმა აფეთქებამ ხუთსართულიანი კორპუსის სადარბაზოში 15-მდე ბინა დააზიანა. მეზობლების თქმით, აფეთქება კორპუსის პირველ სართულზე 78 წლის მამაკაცის ერთოთახიან ბინაში მოხდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ბუნებრივი აირის სამდღიანი გათიშვის შემდეგ მამაკაცს გაზის ონკანი არ ჰქონდა გადაკეტილი, რის გამოც გაზის მოსვლის შემდეგ ოთახში შუქის ანთებამ აფეთქება გამოიწვია.

შემთხვევის შედეგად პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობები მიიღო აღნიშნულ ბინაში მცხოვრებმა მარტოხელა მოხუცმა, რომელიც ბათუმიდან რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს. ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს გადაუდებელი თერაპიის მორიგე ექიმის რუსუდან ქამადაძის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

"მამაკაცს პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობები აქვს სახის მიდამოში, კისერზე, მტევნებზე და ზემო კიდურებზე. პაციენტმა ქუთაისში სპეციალიზებულ კლინიკაში უნდა გააგრძელოს მკურნალობა, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა", - აღნიშნა რუსუდან ქამადაძემ.

აფეთქების შედეგად პირველ სართულზე მდებარე სამ საცხოვრებელ ბინაში განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები, ამავე სადარბაზოს 15-მდე ბინაში ჩამსხვრეულია ფანჯრების მინები და დაბზარულია კედლები.

ბათუმის ვიცე-მერის ბაგრატ მანველიძის განცხადებით, სპეციალური კომისია განსაზღვრავს, რა სახის დახმარება გაეწევა დაზარალებულ მოსახლეობას.

"საბედნიეროდ მოქალაქე, რომელიც დაზარალდა, გადარჩა და გადაყვანილია სამკურნალოდ. რაც შეეხება დაზარალებულებს, მერიის წარმომადგენლები აღწერენ ზარალს და სპეციალური კომისია იმსჯელებს, ვის რა სახის დახმარება გაეწევა", - აღნიშნა ბაგრატ მანველიძემ.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას" დირექტორის დავით ლეკიშვილის განცხადებით, მოსახლეობა გაფრთხილებული იყო გაზის ონკანების ჩაკეტილ მდგომარეობაში დატოვებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, აფეთქების გამომწვევ მიზეზებზე დასკვნას საგამოძიებო უწყებებისგან ელოდება.

"როგორც ცნობილია, აჭარის რეგიონში გათიშული იყო ბუნებრივი აირი. პირველ აპრილს დავიწყეთ აღდგენა. წინა დღეებში ადგილობრივ ტელევიზიებში გადიოდა გამაფრთხილებელი ვიდეო რგოლი, სადაც მივმართავდით მოსახლეობას, რომ გაზის ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში ჰქონოდათ. გაზის გაშვების წინ საქმის კურსში ჩავაყენეთ მოსახლეობა, რომ გაზი ჩაირთვებოდა", - აღნიშნა დავით ლეკიშვილმა.

ადგილზე სახანძრო სამსახურის ხუთი ეკიპაჟი მუშაობდა. ასევე, სამუშაოები ჩაატარეს საგამოძიებო სამსახურისა და ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფებმა.
interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა