თეგებით ძიება
19. 07. 2016 News-ები

პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ანკარის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დელეგაციას თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი, აჰმეთ არსლანი დახვდა.

აჰმეთ არსლანის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს და მას რეგიონში სტაბილურობის კუთხით განიხილავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის სახელმწიფოს და თურქ ხალხს მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა და კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს გარდაცვლილთა გამო.

გიორგი კვირიკაშვილი, ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრას გამართავს თურქეთის პრემიერ-მინისტრთან, ბინალი ილდირიმთან. დაგეგმილია შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ისმაილ ქაჰრამანთან.

ვიზიტის ფარგლებში საქართველო–თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს ხელი მოეწერება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრი, ბინალი ილდირიმი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო; სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი; ასევე საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე.
interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა