თეგებით ძიება
20. 10. 2016 News-ები

სოსო ცისკარიშვილი არსებული რეალობიდან გამოსავალს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობაში ხედავს

თუ პარლამენტი ერთპიროვნული მფლობელი იქნება ქართული კონსტიტუციის, ევროპული დემოკრატიის ნაცვლად ბიძინოკრატიას მივიღებთ, - ამის შესახებ ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ცისკარიშვილი გამოეხმაურა ”ნაციონალური მოძრაობის” კამპანიას ”+1” და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს თავად აწყობდა, რომ ”ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონოდა.

სოსო ცისკარიშვილი არსებული რეალობიდან გამოსავალს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობაში ხედავს.

”კარგად გვახსოვს, რომ ბატონი სააკაშვილი მოითხოვდა თავისი თანაპარტიელებისგან, რომ არ შესულიყვნენ პარლამენტში და არ მიეღოთ მონაწილოება მეორე ტურში, ეს იმიტომ, რომ მას აწყობდა ასეთი კონსტიტუციის საკუთარებად გადაქცევა მეოცნებეთათვის და შემდგომ, გარედან, 24 საათიან რეჟიმში მათი დატუქსვა, უარყოფითი გარემოს შექმნა და რასაკვირველია, რაც კი რამე მოუწესრიგებლობა იქნებოდა ქვეყანაში, ყველაფერი ”ქართულ ოცნებას” დაბრალდებოდა. ასე არ მოხდა, რადგან რადიკალებს გამოეყვნენ რეალისტები ”ნაციონალურ მოძრაობაში”, მაგრამ მეორე მომენტია, ამ საფრთხეს თავად ვერ გრძნობს გამარჯვებული პარტია, შეიძლება ისინი კი ხვდებიან, მაგრამ ვიდრე ამას არ გაითავისებს ბატონი ბიძინა, რა საფრთხის შემცველია ერთი პირისთვის მთელი ქვეყნის კონსტიტუციის, ნებისმიერი სტრიქონის ამოშლის და მისი ჩანაცვლების საფრთხე, ყველაფერი ცუდად იქნება”, - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

მისივე თქმით, სიტუაციიდან მთავარი გამოსავალი არის ის, რომ ერთი პოლიტიკური სუბიექტი არ უნდა ფლობდეს საკონსტიტუციო უმრავლესობას.

”ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ იმას, რომ ვშორდებით ევროპული დემოკრატიის სტანდარტს და თუ წარმოჩდა ჩვენი პარლამენტი ასეთი ერთპიროვნული მფლობელი ქართული კონსტიტუციის, შეგვიძლია მკაფიოდ დავასკვნათ, რომ ევროპული დემოკრატიის ნაცვლად დაისადგურა ბიძინოკრატიამ. ბიძინოკრატიაში როგორ შევძლებთ სხვადასხვა სიკეთის მოძიებას, ამას მომავალი გვიჩვენებს”, - აღნიშნა ექსპერტმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კამპანიას ”+1” იწყებს. პარტიის წევრ გიორგი კანდელაკის განმარტებით, კამპანიის ფარგლებში პარტია მხარდამჭერებს მოუწოდებს, დაარწმუნონ ახლობლები მივიდნენ არჩევნების მეორე ტურში და ”ნაციონალური მოძრაობას“ დაუჭირონ მხარი.

კანდელაკის განმარტებით, აღნიშნული კამპანია მიმართულია იმისკენ, რომ არ მოხდეს „ქართული ოცნების“ გამარჯვება და პარლამენტში მათი წარმოდგენა საკონსტიტუციო უმრავლესობით.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა