პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა
არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე დღეში მმართველმა გუნდმა ქვეყნის მართვის ახალ მოდელზე დაიწყო საუბარი. უკვე ცნობილია, რომ ქართულ ოცნებაში პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლაზე მსჯელობენ, თუმცა ამ ეტაპზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს.
მმართველი გუნდის ნაწილს მიაჩნია, რომ ქვეყნის პირველი პირის არჩევა პარლამენტის პრეროგატივაა, ნაწილი კი უპირატესობას პირდაპირი არჩევის წესს ანიჭებს.
კობახიძემ, რომლის კანდიდატურაც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე განიხილება, დღეს თანაპარტიელებს გადაწყვეტილებამდე, სუბიექტური პოზიციების დაფიქსირებისგან თავის შეკავება ურჩია.
ქვეყნის პირველი პირის უფლებამოსილებების შესახებ მმართველ გუნდში დაწყებულ განხილვას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან უპასუხეს. გიორგი აბაშიშვილი მთავრობას საარჩევნო დაპირებების შესრულებას ურჩევს.
ნაციონალურ მოძრაობაში დარწმუნებული არიან, რომ მმართველი გუნდი 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებას ცდილობს.
გიორგი მარგველაშვილისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას არ გამორიცხავენ რესპუბლიკელებიც.
პრეზიდენტისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტა და ქვეყნის პირველი პირის არჩევის წესის შეცვლა მიუღებელია კონსტიტუციონალისტებისთვის.
ავტორი: ნატა მახვილაძე